ესპანელი თავდამსხმელი ბორხა იგლესიასი პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებს ეროვნულ ნაკრებს – საქართველოს ეროვნულ გუნდთან ჩასატარებელ შეხვედრამდე ორი კვირით ადრე.
იგლესიასის პროტესტის მიზეზია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის გადაწყვეტილება, არ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
რა მოხდა ცერემონიაზე?
მას შემდეგ, რაც ესპანეთის ნაკრებმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა ინგლისელი მოწინააღმდეგეები, ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე რუბიალისმა ესპანელ ქალ ფეხბურთელს, ჯენი ერმოსოს ტუჩებში აკოცა. შემთხვევიდან მალევე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს არ მოსწონებია. კრიტიკის შემდეგ რუბიალისმა თავდაპირველად ბოდიში მოიხადა, მაგრამ ახლა ამტკიცებს, რომ კოცნა ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა და იგი „ცრუ ფემინისტების“ მიერ მოწყობილი კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლია.
ერმოსო ფედერაციის პრეზიდენტის საქციელს მიუღებლად მიიჩნევს. მისი ინტერესების წარმომადგენელი ორგანიზაციის, „ფუტპროს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ფედერაციის პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით დისციპლინარული მოკვლევა დაიწყო ფიფამ.
რუბიალესს ესპანეთის მთავრობის მაღალჩინოსნებიც აკრიტიკებენ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პედრო სანჩესის თქმით, ბოდიშის მოხდა „არასაკმარისი და არაადეკვატურია“. ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა რუბიალესის გადადგომა მოითხოვა, ხოლო თანასწორობის მინისტრმა ირენე მონტერომ მისი საქციელი სექსუალური ძალადობის ფორმად მიიჩნია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს 9 სექტემბერს თბილისში დაუპირისპირდება 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში. საქართველოს ნაკრებს სამი შეხვედრის შემდეგ ოთხი ქულა აქვს, ესპანელებს კი – სამი ქულა ორი მატჩის შემდეგ.