ახალი ამბები

საგარეო მედვედევის განცხადებაზე: ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელების მცდელობაა

24 აგვისტო, 2023 • 1138
საგარეო მედვედევის განცხადებაზე: ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელების მცდელობაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტი პასუხობს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

უწყების თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას:

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას“ — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

“აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედედვევმა განაცხადა.

“15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ქცევა. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის განმეორება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოლაპარაკებებით გადავჭრათ პრობლემები, თუმცა, თუკი ჩვენი შეშფოთება რეალურ სახეს მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს”, – ამბობს მედვედევი.

წელს 15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. 26 აგვისტოს, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სუბიექტებად ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი