აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არაა გაკვირვებული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ არ აქვს საკმარისი ცნობები, რათა დეტალურად ისაუბროს:
„არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ არ გამკვირვებია.“
მას ასევე ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს, რომ პრიგოჟინის სიკვდილზე პასუხისმგებელია ვლადიმერ პუტინი.
„ცოტა რამ ხდება რუსეთში, რის უკანაც პუტინი არ დგას. მე არ მაქვს საკმარისი ფაქტები, რომ ამ კითხვას ვუპასუხო“, — განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნა
„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავი, რომელზეც იგი და „ვაგნერის“ სხვა ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ, გუშინ, 23 აგვისტოს, ტვერის ოლქში ჩამოვარდა. ოფიციალურმა სტრუქტურებმა მალევე დაადასტურეს მისი და სხვა მგზავრების დაღუპვა.
რუსული მედიის ცნობით, სამძებრო სამუშაოები კატასტროფის ადგილას უკვე დასრულებულია – აღმოჩენილია ათი დაღუპულის ცხედარი.
ავიაკატასტროფა, რომელმაც, სავარაუდოდ, პრიგოჟინი შეიწირა, მის მიერ წამოწყებული წარუმატებელი ამბოხის ორი თვის თავზე მოხდა. ამბოხი იმით დასრულდა, რომ პრიგოჟინმა და „ვაგნერელებმა“ პირადად პუტინისგან მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც, არსებული ცნობებით, შეთანხმების შუამავალი იყო, ირწმუნებოდა, რომ პუტინი პრიგოჟინს „არ დაბრიდავს“.
