ახალი ამბები

შავი კამპანიის მიზანია, გააჩუმონ პროფესიონალი — „საფარი“ თეა გოდოლაძეზე

22 აგვისტო, 2023 • 2799
შავი კამპანიის მიზანია, გააჩუმონ პროფესიონალი — „საფარი“ თეა გოდოლაძეზე

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გავრცელებული ცნობები შავი კამპანიის ნაწილია. მისი საბოლოო მიზანი კი პროფესიონალი ქალის ღირსების შელახვა და გაჩუმებაა.

საქმე ეხება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელს, თეა გოდოლაძეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თეა გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული.

„თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია “საფარი” უკვე ერთ წელზე მეტია იცავს. ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.

შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან“ ,- წერს „საფარი“.

ორგანიზაცია მოუწოდებს მედიას, თავი შეიკავოს ინფორმაციის დამახინჯებულად და ცალმხრივად გავრცელებისგან.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად თეა გოდოლაძემ. მან დაწერა, რომ მისმა ყოფილმა პარტნიორმა მასზე იძალადა. საქმეს სასამართლო განიხილავს, ხოლო ფაქტის ამგვარად გასაჯაროებას გოდოლაძე ხელისუფლების მხრიდან გაჩუმების მცდელობას უკავშირებს.

„მისი გასაჯაროვებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კომპანია ჩემ წინააღმდეგ, ამიტომ, ცხადია, რომ ეს ყველაფრი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემს განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!

არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!“ – წერს გოდოლაძე.


22 აგვისტოს დილას ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა მოკლე ნიუსი, სადაც ნათქვამი იყო, რომ თეა გოდოლაძე ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული. თავდაპირველ მასალაში არ ჩანდა არც თავად გოდოლაძის პოზიცია და არც ინფორმაციის წყარო. ამ მასალაში არც ის იყო ნათქვამი, რომ თავად გოდოლაძესაც, „საფარის“ ცნობით, დაზარალებულის სტატუსი აქვს.

რამდენიმე საათში ტელეკომპანიის ეთერში შედარებით ვრცელი სიუჟეტი გავიდა. მასში ისმოდა თავად გოდოლაძის კომენტარი, სადაც ის უარყოფდა ბრალდებას და აცხადებდა, რომ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. ამავე სიუჟეტში იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ რატი იონათამაშვილის განცხადებაც. მან თქვა, რომ ამიერიდან თეა გოდოლაძის სიტყვების მიმართ ნდობა არ აქვს და დასძინა, რომ „მეორე მხრივ, შოვის ტრაგედიის ფონზე, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ ადამიანისგან, იმ მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანა საზოგადოების, ეს, ფაქტობრივად, ნამდვილად იყო საზოგადოებაზე ძალადობის ფაქტი.“

თეა გოდოლაძის საწინააღმდეგო კამპანია სატელევიზიო სივრცის მიღმა, სოციალურ ქსელებში გააგრძელეს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა, რომლებიც სახელისუფლებო მედიასაშუალებებში ექსპერტების სტატუსით არიან წარმოდგენილი ხოლმე.

3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ თეა გოდოლაძე ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მათ შორის, შოვის განაშენიანების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი