ახალი ამბები

დეგნანი: ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას სიფრთხილეა საჭირო

21 აგვისტო, 2023 • 1788
დეგნანი: ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას სიფრთხილეა საჭირო

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩინეთთან პოლიტიკური ვალდებულებების აღებისას სიფრთხილით მიდგომაა საჭირო. დეგნანის თქმით, ეკონომიკურ სფეროშიც კი მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება თუ ვალდებულება არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში და არა მხოლოდ ჩინეთის საუკეთესო ინტერესებში:

„ვთვლი, რომ ერთობლივი განცხადება, რომელსაც მოეწერა ხელი, საკმაოდ დატვირთულია პოლიტიკური ვალდებულებებით, რომლებიც საქართველომ აიღო. როგორც შევნიშნე, საქართველომ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

არ დამინახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საპასუხო დაპირება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს კი ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული – ქვეყანას, რომელთანაც ჩინეთი სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობას ამყარებს“, — აცხადებს კელი დეგნანი.

აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს ჩინეთთან გარკვეული ხანია აქვს, მაგრამ დასძენს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ვალდებულება, რომელიც ხელს უწყობს ჩინეთის მიერ მსოფლიოს უფრო ავტორიტარიზმისკენ რეფორმირების მცდელობას, წინააღმდეგობაშია წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან, რომლის ნაწილიც, ელჩის თქმით, არის საქართველო და რომლითაც  ის ისევე სარგებლობს, როგორც დასავლეთი:

„ამან მოიტანა მეტი კეთილდღეობა, მოიტანა სტაბილურობა და მშვიდობა მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის, სიღარიბიდან ამოიყვანა მილიარდობით ადამიანი და უზრუნველყო დამოუკიდებლობა და ძირითადი თავისუფლებები, რომლებიც, ვიცი, სიახლე არ არის საქართველოსთვის, არამედ მისი გენეტიკური კოდის ნაწილია. ამიტომაც არის, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ევროპული ორიენტაცია.

ღირებულებები, რომლებიც ქართველებს საუკუნეებია აქვთ, იგივე ღირებულებებია, რომლებსაც ჩვენ და ევროპელები ვიზიარებთ. სწორედ ეს გვაქცევს ასეთ ახლო პარტნიორებად და მეგობრებად, ბუნებრივ მეგობრებად და პარტნიორებად. ვინაიდან ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს. მეეჭვება, ამ ღირებულებებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იზიარებდეს საქართველოსთან“, — აღნიშნავს კელი დეგნანი.

ინტერვიუს სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი