ახალი ამბები

რეესტრმა კეზერაშვილს თანამშრომლებისთვის 25% წილის გადაცემაზე მოთხოვნა დაუკმაყოფილა

17 აგვისტო, 2023 • 1971
რეესტრმა კეზერაშვილს თანამშრომლებისთვის 25% წილის გადაცემაზე მოთხოვნა დაუკმაყოფილა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დავით კეზერაშვილს დაუკმაყოფილა განცხადება ტელეკომპანია “ფორმულას” წილების 25%-ის თანამშრომლებისთვის გადაცემაზე. საჯარო მონაცემების მიხედვით, კეზერაშვილი მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან აღარ არის ტელეარხის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი.

კეზერაშვილმა, რომელიც “ფორმულას” წილების 51%-ს ფლობდა, თანამშრომლებისთვის 25%-ის დათმობის გადაწყვეტილება აპრილში გამოაცხადა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრმა კეზერაშვილს თანამშრომლებისთვის წილების გადაცემის მოთხოვნაზე განცხადება დაუხარვეზა, ერთ-ერთ მიზეზად კი მისი პირადობის მოწმობის ვადაგასულობა დაასახელა.

ამის შემდეგ, 27 ივლისს, “ფორმულას” დირექტორმა, ზურაბ გუმბარიძემ, საჯარო რეესტრში შეიტანა განაცხადი დამატებითი დოკუმენტებით, რომელთა მომზადების მიზანიც წილების გადაცემაზე უწყების თანხმობის მიღება იყო.

ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში დამმოწმებელი ოფიცერი პირადად შეხვდა კეზერაშვილს, რომელმაც ოფიცერს წარუდგინა როგორც ქართული პასპორტი, რომელსაც 2021 წელს გაუვიდა ვადა, ისე ქართული მართვის მოწმობა, რომელსაც მოქმედების ვადა არ აქვს.

“დამმოწმებელმა ოფიცერმა, როგორც ჩვენ გვაცნობეს, განიხილა ორივე დოკუმენტი და, შესაბამისად, შეეძლო დაედასტურებინა, რომ ისინი გაცემულია ბ-ნ დავით კეზერაშვილის სახელზე. მიუხედავად იმისა, რომ დამმოწმებელი ოფიცრისთვის წარდგენილ საქართველოს პასპორტს მოქმედების ვადა გასული ჰქონდა, კანონის თანახმად, დამმოწმებელ ოფიცერს შეეძლო დაყრდნობოდა მოქმედ ქართულ მართვის მოწმობას აღნიშნული პირის ვინაობის დასადასტურებლად და მისი ხელმოწერის დასადასტურებლად.

მიუხედავად ამისა, დამმოწმებელმა ოფიცერმა შეძლო დაედასტურებინა, რომ პირადი ნომერი *** მითითებული იყო ორივე დოკუმენტში. ვინაიდან წარდგენილ მართვის მოწმობაში, რომელიც კვლავ მოქმედია და მასში სრულადაა მითითებული იგივე პირადი ნომერი, რაც ქართულ პასპორტში, დამმოწმებელმა ოფიცერმა შეძლო დაედასტურებინა, რომ ჩემ წინაშე გამოცხადებული პირი იყო ბატონი დავით კეზერაშვილი”, — ნათქვამია პარტნიორი ადვოკატის, მარიოს სავერიადეს მიერ მომზადებულ განმარტებაში, რომელიც მიმდინარე წლის 10 ივლისით თარიღდება.

მანამდე, საქართველოს საჯარო რეესტრში სწორედ იმას ამბობდნენ, რომ არ დგინდებოდა, კეზერაშვილის იდენტიფიცირებისთვის საჭირო რომელი დოკუმენტით იხელმძღვანელა კვიპროსში დამოწმებული მინდობილობის დამმოწმებელმა ნოტარიუსმა. სააგენტო ხაზს უსვამდა, რომ მისი პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა გასული იყო.

ახლა, როცა განაცხადი დაუკმაყოფილეს, დავით კეზერაშვილის ხელში “ფორმულას” წილების 26% რჩება, დანარჩენი 25% კი “ფორმულას” 39 თანამშრომლის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას, “თავისუფლების ფორმულას” გადაეცა. ხსენებული ორგანიზაცია სწორედ წილების ხელახალი გადანაწილების მიზნით დაფუძნდა.

“ფორმულას” წილების დანარჩენ 49%-ს ფლობენ მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა.

რა მოხდა მანამდე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა, მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა, რომ უარს ამბობდა “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის ფლობაზე და საკუთარი წილის ნახევარს ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცემდა.

კეზერაშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კეზერაშვილმა ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმიანებული ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლები დარწმუნებული იყვნენ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების “ცილისმწამებლურობაში”.

კეზერაშვილს აღნიშნული ფილმის გამო საჩივარი გაგზავნილი აქვს თავად BBC-ში. ის “სიუჟეტში გასული ფაქტების უარყოფას” ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი