ახალი ამბები

რეესტრმა კეზერაშვილს თანამშრომლებისთვის 25% წილის გადაცემაზე მოთხოვნა დაუხარვეზა

15 ივნისი, 2023 • 4011
რეესტრმა კეზერაშვილს თანამშრომლებისთვის 25% წილის გადაცემაზე მოთხოვნა დაუხარვეზა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წილების 25%-ის თანამშრომლებისთვის გადაცემაზე განცხადება დაახარვეზა. საჯარო რეესტრში ასახული პასუხის მიხედვით, ამის ერთ-ერთ მიზეზად ტელეკომპანიის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ვადაგასული პირადობის მოწმობაა.

ტელეკომპანიის დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადების საპასუხოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და კანონმდებლობასთან ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ რეგისტრაციის პირობებს.

კერძოდ, სააგენტო აცხადებს, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დავით კეზერაშვილი თავის საკუთრებაში არსებული 51% წილიდან 25% წილს, შპს“ ფორმულას“ (405345666) საწესდებო კაპიტალში, ასხვისებს ა(ა)იპ ,,თავისუფლების ფორმულას“ (ს/ნ 402279985) სასარგებლოდ და მისი სახელით ხელს აწერს მინდობილი პირი სოფიო ბრიტანჩუკი.

„მინდობილობა დამოწმებულია კვიპროსში, ლიმასოლში, ნოტარიუსის მიერ (17.03.2023წ). მინდობილობაში კეზერაშვილის მაიდენტიფიცირებლად მითითებულია სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, დავით კეზერაშვილს არ უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (სტატუსი გაუქმებულია (დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა)“, — ვკითხულობთ სააგენტოს პასუხში.

შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ არ დგინდება პირის იდენტიფიცირებისთვის იურიდიული ძალის მქონე რომელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (საქართველოს პასპორტი, პირადობის მოწმობა თუ სხვა) იხელმძღვანელა ნოტარიუსმა და განცხადება დაახარვეზა.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ, ასევე, მოთხოვნილი იყო იურიდიული მისამართის ცვლილება და ახალ მისამართად განსაზღვრული იყო  ქალაქი თბილისი , ვაჟა-ფშაველას გამზირი N45.

თუმცა, სააგენტოს თქმით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე არ დგინდებოდა დაინტერესებული პირის საკუთრება/სარგებლობის უფლება.

„ამასთან, სარეგისტრაციოდ არ არის წარმოდგენილი ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული თანხმობა“ ,– ვკითხულობთ დოკუმენტში.

სააგენტოს განცხადებით, საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება აქვს, სულ ცოტა, ორ დირექტორს ერთობლივად, წარმოდგენილ განცხადებაში კი მხოლოდ ერთი პირის, ზურაბ გუმბარიძის თანხმობაა მითითებული.


თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა “ფორმულას” საკონტროლო პაკეტის ფლობაზე და საკუთარი წილის ნახევარს ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცემდა. კეზერაშვილი წილის 51%-ს ფლობს და თანამშრომლებს 25%-ს უთმობს.

კეზერაშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია „ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან“, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი უარყოფს ამ სქემებში მონაწილეობას.

ფორმულას 40-მა თანამშრომელმა დააფუძნა ა(ა)იპ, რომელმაც კეზერაშვილისგან ზემოხსენებული წილი უნდა მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი