ახალი ამბები

პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

15 აგვისტო, 2023 • 1365
პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ცალკეული თანამდებობის პირებთან და შეეძლო დახმარება მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში:

„აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა, სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220 000 აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100 000 დოლარი გადასცა“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი