მაშველებმა რაჭაში კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს, რომელიც შოვში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაიღუპა. როგორც „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველები ამჟამად 11 ადამიანს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეს აღმოჩენილ ცხედარს სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიაკვლიეს. ამასთან, მღებრიშვილის თქმით, მაშველებმა იპოვეს ადამიანის სხეულის ცალკეული ფრაგმენტიც შოვიდან 24 კილომეტრის მოშორებით:

„ჩვენ ამ დროისთვის 30 კილომეტრ პერიმეტრს ვამოწმებთ, თუმცა დღის ბოლომდე 54 -კილომეტრიან პერიმეტრს მოვიცავთ. ვეცდებით მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“, — განაცხადა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან.

ინფორმაციის დადასტურებამდე, „ფეისბუკზე“ გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში, სოფელ ნაკიეთში იპოვეს, რომელიც შოვიდან დაახლოებით 22 კილომეტრითაა დაშორებული.

3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 22 დაღუპულის შესახებ, 11 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.