ახალი ამბები

ბუბისწყლის ხეობაში 500 000 მ³ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა – გარემოს ეროვნული სააგენტო

9 აგვისტო, 2023 • 6113
ბუბისწყლის ხეობაში 500 000 მ³ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა – გარემოს  ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო სატელიტური მონაცემების საფუძველზე აცხადებს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასა ჩამოიშალა.

სააგენტოს განმარტებით, კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით.

როგორც სააგენტო აცხადებს, მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ პირველად დასკვნაში მოცემული შეფასებებს შოვში მომხდარი სტიქიის კომპლექსურობასა და მისი პროგნოზირების შეუძლებლობაზე.

„ცნობილია, რომ კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალ ფაქტორთან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურიდან და მეტეოროლოგიური რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს გარემოს ეროვნილი სააგენტო.

სააგენტოს განცხადებით, ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას. რაც შეეხება ხეობაში განვითარებულ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესებს, სააგენტოს განცხადებით, ეს არის კომპლექსური თავისი ხასიათით და კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 21 გარდაცვლილის შესახებ, 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი