საზოგადოება

მედია: FSB-ს Yandex-ის ქართველი მომხმარებლის მონაცემზე მუდმივი წვდომა ექნება

8 აგვისტო, 2023 • 3376
მედია: FSB-ს Yandex-ის ქართველი მომხმარებლის მონაცემზე მუდმივი წვდომა ექნება

რუსეთის „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს“ [იგივე „ეფესბე-ს“] მალე მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია „იანდექსის“ ბაზებზე. ეს მათ შორის ეხება საქართველოდან დარეგისტრირებულ მომხმარებლებსაც.

საუბარია ისეთ მონაცემზე, როგორიცაა ადამიანის სახელი და გვარი, მისი საბანკო ინფორმაცია, ლოკაცია, „ლაიქები“, წვდომა სატელეფონო კონტაქტებზე და მრავალი სხვა. ამ ინფორმაციას, მათ შორის, საქართველოს მომხმარებლებიდან „იანდექსი“ ამჟამადაც აგროვებს და ამუშავებს, თუმცა ოფიციალურად ამ მონაცემებზე ეფესბეს აქამდე  არ ჰქონდა წვდომა.

დამოუკიდებელი, რუსულენოვანი მედიის „მედუზის“ თანახმად, საუბარია „იანდექსის“ შემადგენლობაში შემავალ მგზავრთა გადამყვან კომპანიებზე – Yango და Yandex Go. „იანდექსის“ ტაქსი საქართველოში სწორედ Yandex Go-ს სახელით ოპერირებს.

რა ცნობებს მიაკვლია „მედუზამ?“

1 სექტემბრიდან რუსეთში ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც, „ეფესბეს“ მუდმივი წვდომა ექნება რუსულ ტაქსის კომპანიათა ბაზებზე. ბაზებზე წვდომის გახსნა კომპანიებისთვის სავალდებულო იქნება.

როგორც გამოცემა Yandex-ში საკუთარ წყაროებზე, კომპანიიდან გავრცელებულ შიდა მიმოწერასა და ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, კანონის მიღების შემდეგ, კომპანიამ „ეფესბეს“ უნდა მისცეს წვდომა იმ მომხმარებლებზეც, რომლებიც უცხოეთში – მათ შორის, საქართველოში არიან.

ამასთანავე, სტატიის თანახმად, ამჟამად კომპანია ყველა მონაცემს რუსეთში ინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი მარეგულირებელი ამას კრძალავს.

ერთ-ერთი მთავარი, რაზეც „მედუზა“ მიუთითებს,  არის ის,  რომ კომპანია ასევე ინახავს ტაქსით გადაადგილების მარშრუტებს, რაც განსაკუთრებით საფრთხილოა იმ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი დატოვეს და საქართველოში ან სომხეთში ჩავიდნენ.

საქართველოს მოქალაქეთა რა მონაცემებს აგროვებს და იყენებს „იანდექსი?“

კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, Yandex Go-ზე რეგისტრაციისას თქვენ რუსეთს აძლევთ:

  • თქვენი ტელეფონის ნომერს;
  • მისამართს;
  • ინფორმაციას „ლაიქებზე“;
  • წვდომას თქვენს სატელეფონო ცნობარზე;
  • იმ მოქალაქეთა ელექტრონული ფოსტის [email] მისამართებს, ვისთანაც მიმოწერა გაქვთ.

მონაცემებს კომპანია რუსულ ან რუსეთთან დაკავშირებულ ბაზებში ინახავს და საჭიროების შემთხვევაში, ამჟამინდელი რეგულაციითაც კი, უზიარებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებს – როგორიცაა, მაგალითად, რუსეთის შსს და „ეფესბე“.

ის, თუ თქვენ შესახებ რა ინფორმაციას აგროვებს იანდექსი,  ხელმისაწვდომია თავად Yandex Go-ს საიტზე. უფრო კონკრეტულად კი, რუსულ კომპანიას შეუძლია თქვენგან შეაგროვოს პერსონალური ინფორმაციის შემდეგი კატეგორიები:

  • „პერსონალური ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიაწოდეთ რეგისტრაციის დროს (ექაუნთის შექმნის დროს), ისეთი, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი და ასაკი;
  • ელექტრონული მონაცემები (HTTP-სათაურები, IP-მისამართი, cookie ფაილები, веб-მიშნები/პიქსელური თეგები, მონაცემები ბრაუზერის იდენტიფიკატორის შესახებ, ინფორმაცია აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, wi-fi ქსელის მონაცემები);
  • საიტებთან და/ან სერვისებთან წვდომის განხორციელების თარიღი და დრო;
  • საიტების და/ან სერვერების გამოყენებისას თქვენი აქტივობის შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, საძიებო ისტორია, შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია მოძიებულ ორგანიზაციებზე, ლაიქები და მოწონებები, თქვენთან მიმოწერის მქონე პირთა ელ.ფოსტის მისამართები, სატელეფონო ცნობარის მონაცემები, სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობის შესახებ მონაცემები, ასევე, ფაილები და კონტენტი, რომლებიც იანდექსის სისტემებში ინახება);
  • ინფორმაცია გეოლოკაციის შესახებ;
  • სხვა ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომლის დამუშავების აუცილებელობა განპირობებულია კონკრეტული საიტებით ან სერვისებით სარგებლობის მარეგულირებელი პირობებით;
  • ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისაგან თქვენსა და შესაბამის პარტნიორს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, და Yandex-სა და პარტნიორს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე;
  • თქვენი გადახდის ბარათის დეტალები, თქვენ მიერ მოწოდებული გადახდის შესახებ სხვა ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია, რომელიც მიღებულია პარტნიორებისგან ან სხვა პირებისგან, რომლებიც მონაწილეობენ გადახდის ტრანზაქციაში Yandex-ის საიტების ან სერვისების გამოყენებით და/ან Yandex-ის მიერ ფასიანი სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით“, – ამბობს კომპანია.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ Yandex ასევე იყენებს cookie ფაილებსა და ვებ-ნიშნულებს (პიქსელური თეგების ჩათვლით) პერსონალური ინფორმაციის შესაგროვებლად და ასეთი პირადი ინფორმაციის თქვენს მოწყობილობასთან და ვებ-ბრაუზერთან მისაბმელად.

„Yandex მიზანსწრაფულად არ აგროვებს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს (რომელიც დაკავშირებულია რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ბიომეტრიკულ მონაცემებთან), გარდა ცალკეული სერვისების სამომხმარებლო შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. მიუხედავად ამისა, თქვენ თავად შეგიძლიათ მიაწოდოთ Yandex-ს ეს ინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში კი Yandex მას დაამუშავებს თქვენთვის მოწოდებული სერვისის ფარგლებში (მაგალითად, თუ თქვენ ქმნით საძიებო შეკითხვას, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ჯანმრთელობასთან)“.

ასევ, დოკუმენტში მიმოხილულია ის, თუ ვის შეუძლია გადასცეს კომპანიამ შეგროვებული მონაცემები. როგორც ირკვევა, ეს შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ „იანდექსის“ დასაქმებული, ასევე მესამე სარეკლამო პირი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსეთის სახელმწიფო უწყებებსაც, უფრო კონკრეტულად კი:

„ნებისმიერ ნაციონალურ და/ან საერთაშორისო მარეგულირებელ ორგანოს, სამართალდამცავ ორგანოებს, ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, სხვა ოფიციალურ და სახელმწიფო ორგანოებს, რომლების წინაშეც Yandex  ვალდებულია, გადასცეს ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში.“

რაც შეეხება იმას, თუ სად ინახება შეგროვებული პერსონალური მონაცემი, კომპანია განმარტავს, რომ ის ინახება – „რუსეთის ფედერაციაში და/ან ეეზ-ში.“

„რუსეთის მომხმარებლებისათვის Yandex ახორციელებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩაწერას, სისტემატიზაციას, დაგროვებას, შენახვას, დაზუსტებას, განახლებას, შეცვლას), ამოღებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ბაზების მეშვეობით.

ეეზი, შვეიცარიისა და ისრაელის მომხმარებლებისათვის: რუსეთი წარმოადგენს ევროპული ეკონომიკური ზონის გარეთ არსებულ იურისდიქციას, რომელიც ევროპულმა კომისიამ არ ცნო პერსონალური მონაცემების დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველმყოფელად. ამიტომ Yandex-მა მიიღო შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი გადაცემა განხორციელდეს ევრო კავშირის მოქმედი დაცვის წესების შესაბამისად.

კერძოდ კი, Yandex  ხელმძღვანელობს სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით, რომლებიც დამტკიცებულია ევროპული კომისიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, რომელიც გადაეცემა რუსეთში, დაცვის ადეკვატური დონის უზრუნველმყოფელად. ასეთი სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების ასლის მიღება შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში“, – წერს კომპანია.

Yandex პერსონალურ ინფორმაციას ინახავს იმდენი ხანი – „რამდენიც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ის იყო შეგროვებული, ან კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნების დასაცავად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი