ახალი ამბები

სასამართლომ TKT.GE-ს კინოს ბილეთების ონლაინ გაყიდვაზე ექსკლუზივი შეუჩერა

9 აგვისტო, 2023 • 2097
სასამართლომ TKT.GE-ს კინოს ბილეთების ონლაინ გაყიდვაზე ექსკლუზივი შეუჩერა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონკურენციის სააგენტოს შუამდგომლობა და TKT.ge-ს შეუჩერა კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციაზე ექსკლუზივი.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს თქმით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს კინოთეატრის ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე დაწყებული მოკვლევის ფარგლებში.

კერძოდ, სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე, სასამართლოს ბრძანებით, შეჩერდა – შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირობის მიხედვით, „სადისტრიბუციო კომპანია“ შპს „თინეთს“, 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით, ამავდროულად კი, იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა აღნიშნული კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების ბაზრიდან განდევნას იწვევდა.

საკითხზე მოკვლევას კონკურენციის სააგენტო აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი