ახალი ამბები

თბილისშია მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგულად ითვლებოდა – მღებრიშვილი

8 აგვისტო, 2023 •
თბილისშია მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგულად ითვლებოდა – მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, თბილისში იპოვეს მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა. თუმცა, მღებრიშვილის თქმითვე, „კითხვები არსებობს“ იმასთან დაკავშირებით, მართლაც იმყოფებოდა თუ არა ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში.

„დაფიქსირებული იყო ცხელ ხაზზე ზურაბ ბიბილეიშვილი, დაკარგულების სიაში. ოპერატიული-საგამოძიებო ქმედებებით დადგინდა, რომ იგი არის ჯანმრთელად, ცოცხალია და არ იმყოფება სტიქიის ზონაში“, – უთხრა მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსი პასუხობს, რომ „ჯერჯერობით მაგ მიმართულებით კითხვები არსებობს“. მისივე თქმით, ბიბილეიშვილი თბილისში პოლიციამ იპოვა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს თოთხმეტი ადამიანის ძებნა.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეექვსე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 19 გარდაცვლილის შესახებ, კვლავ მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოებიც.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

თუ გაქვთ ინფორმაცია დაღუპულების ან დაკარგულების შესახებ, გთხოვთ, მოგვწერეთ ნეტგაზეთის ფეისბუკის გვერდზე, ან ელექტრონულ მისამართზე: netgazeti.ge@gmail.com

მასალების გადაბეჭდვის წესი