უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ეხმაურება აგვისტოს ომის 15 წლისთავს. მისი განცხადებით, 15 წლის წინ მსოფლიო უფრო მტკიცედ და მკაცრად რომ მოქცეულიყო, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა ხელყოფას იმ დამოუკიდებელი ტერიტორიების, რომლებიც მას არ ეკუთვნის.
„15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ უკვე აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. მან აჩვენა, რომ საერთაშორისო სამართალი რუსეთისთვის არაფერია, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, – წერს სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დღეს უკრაინა მომავლისთვის იბრძვის მის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა ამ მომავლის განადგურებას.
„მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით – მტკიცედ და კოორდინირებულად – შევძლებთ დავამარცხოთ აგრესორი და დავამყაროთ მშვიდობა ევროპაში“, – წერს სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში.
15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრიდან და 2008 წლის “აგვისტოს ომის” დაწყებიდან. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მხრიდან დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232 შეადგინა. ამასთან, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
აგვისტოს ომის საქმის გამოძიებამ როგორც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ოსური მხარის და რუსეთის, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობა გამოავლინა და არცერთ შემთხვევაში — საქართველოს.