ახალი ამბები

სტიქია ურთიერთბრალდებების ფონზე: პოლიტიკოსთა გამოხმაურებები

4 აგვისტო, 2023 •
სტიქია ურთიერთბრალდებების ფონზე: პოლიტიკოსთა გამოხმაურებები

რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიას პოლიტიკოსები ურთიერთბრალდებებით გამოეხმაურნენ, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი კი ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას აანონსებს.

რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 16:00], სტიქიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 25 ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, ამ დრომდე ეძებენ. დაკარგულთა ოჯახის წევრები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვდნენ ინფორმაციას და უჩიოდნენ არასათანადო კომუნიკაციას ხელისუფლების მხრიდან. ცხელი ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი მომხდარს მეორე დღეს, სტიქიის ზონაში ჩასული გამოეხმაურა.

გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ არასათანადო რეაგირებასა და კომუნიკაციაში, რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სტიქია დაუკავშირა  ივანიშვილის კორუფციული ინტერესებით გამოწვეულ ტყის ჩეხვასაც, „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა, რომ გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემები ქვეყანაში სწორედ წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა. პოლიტიკურ ბრალდებებზე მორატორიუმი გამოაცხადა გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“:

„სანამ ერთი ადამიანის გადარჩენის შესაძლებლობაც კი არსებობს, იქამდე ის პოლიტიკური განცხადებები თუ მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკოსისგან, არის მიუღებელი და თან ამორალური. ჩვენი სრული მხარდაჭერა მაშველებს. ვისაც კი შეგვიძლია ტექნიკური თუ სხვა საშუალებებით დავეხმაროთ მაშველებს, თუ ამისი საშუალება არსებობს. ყველა სხვა დანარჩენი პოლიტიკური განცხადებები არის ამორალური“, — განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი შოვის სტიქიას სოციალურ ქსელში 3 აგვისტოსვე გამოეხმაურა:

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: ღარიბაშვილი, გომელაური, მთავრობა სად იმალებით? რატომ არ ჩადიხართ რაჭაში? ჩართეთ ყველა რესურსი! დრო არ ითმენს! განსაცდელში მყოფი ყველა მოქალაქე უნდა გადარჩეს!“

ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ის თავმჯდომარე: „ივანიშვილმა გაყიდა ტყეები და არ ვიცით, რა ხდება დახურულ ზონებში. ვიცით, რომ გაჩეხა იქაურობა, გაზიდა და გაძარცვა — გამომწვევი მიზეზებიც რეალისტურია, ეს იყოს. წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული რაჭაში. რუს ოლიგარქს, პუტინისტ ხიდაშელს, რაჭის ტყეების 30 % გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა. ივანიშვილმა გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური, ზარალდება ხალხი!“ — დაწერა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკა მელია, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე: პოლიტიკური კორუფცია არის მომაკვდინებელი პრობლემა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მდიდრდება სახელმწიფოს ხარჯზე, არამედ არის პრობლემა, რომელიც კლავს. მკვლელობა დაგვიანებული რეაგირებით, ქმედებითა თუ უმოქმედობით, იქცა ხელისუფლების ხელწერად. დეპუტატები, „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები მდიდრდებიან, მილიონერები ხდებიან, ერთი სამაშველო ვერტმფრენი კი გადაულახავი პრობლემაა. ჯერ ყველა უნდა ვიპოვოთ, უნდა გადარჩნენ. შემდეგ კი ეს მოცემულობა უნდა შევცვალოთ“.

მამუკა ხაზარაძე, „ლელო“: „უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს. იმედია, დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ. 21-ე საუკუნეში, რთული რელიეფისა და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენისა და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა! ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!“

3 აგვისტოს, დაღამებისთანავე ,ვერტმფრენმა სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები შეაჩერა. ღამის მზერის მქონე, შესაბამისად აღჭურვილი სამაშველო ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ ჰყავს და იყენებს საზღვრის დაცვის სამსახურის ორ ვერტმფრენს, თუმცა ხელისუფლება სამაშველო ვერტმფრენების შეძენაზე თითქმის 10 წელია საუბრობს.

რა ბედი ეწია სამაშველო შვეულმფრენების შეძენის გეგმას

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი წლის წინ დააანონსა ორი SUPER PUMA–ს სანაცვლოდ სამი ახალი ვერტმფრენის შეძენა. 2022 წლის დეკემბერში ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან გაფორმდა ხელშეკრულება სამი H 145 ტიპის ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით. თუმცა პირველ შვეულმფრენს საქართველო ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, ანუ 2024 წლის მაისში მიიღებს, მეორეს – 19 თვის განმავლობაში, ანუ, 2024 წლის ივლისში და მესამეს – 20 თვეში, ანუ 2024 წლის აგვისტოში.

ღარიბაშვილის მიერ 2022 წლის აგვისტოში გახმიანებული გადაწყვეტილება სამი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე ახალი არ იყო. ამის შესახებ შსს-ში 2017 წელსაც საუბრობდნენ, როდესაც მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობისთვის მაშველებს ვერტმფრენები არ გამოუყენებიათ.

საქართველოს მთავრობამ კი ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ორი SUPER PUMA–ს ტიპის ვერტმფრენის გასხვისება, თუმცა ამბობდა, რომ მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე.

ვერტმფრენების საკითხზე კრიტიკის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „არ არსებობს სამაშველო ღონისძიება, რომელიც გუშინ ვერ შესრულდა“ და არცერთი ადამიანი, რომელიც გუშინ იპოვეს, არ დაშავებულა. სამძებრო სამუშაოებში მოქალაქეები საკუთარი დრონებით ჩაერთვნენ.

კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად მომზადებული დახვდა სახელმწიფო  სტიქიას, ვინაიდან ისმის კრიტიკა ვერტმფრენებთან და დრონებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა:

„ჩვენი პოლიტიკოსები და ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინდელი დღიდან დაწყებული, მთელი დღე ცდილობდა, რომ ეს უდიდესი უბედურება გადაექცია პოლიტიკურ აქტივად — ეს არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში და ასევე ძალიან ბოროტად სარგებლობა საკუთარი უფლებით, რომ ისაუბრონ და თავზე მოახვიონ ადამიანებს ის მცდარი შეხედულებები, რომლებსაც ისინი ეთერებიდან ქმნიან. სწორედ ის ადამიანები, მათ შორის ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც გუშინ გარკვეულ საკითხებზე საუბრობდა, არის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციისა, რომელიც ამ სახელმწიფოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რომ დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს“, — განაცხადა მაია ბითაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარემოს დაცვა ახალი მთავრობის პრიორიტეტად გამოაცხადა და 2013 წელს აღადგინა 2011 წელს გაუქმებული გარემოს დაცვის ინსპექცია, რომელსაც ევალება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების მონიტორინგის ქსელების აღდგენაც, ბითაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ხორციელდება.

„დაახლოებით 60-დან 110 სადგურამდე გვაქვს, ჯამში. ქვეყანას, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს გვაქვს ორი რადარი. თუმცა არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. გადასული ვართ კლიმატის ცვლილების ერაში. აბსოლუტურად უდროოა ამაზე საუბარი დღეს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ინსტრუმენტული აღჭურვილობა გვქონდეს პროგნოზირებისთვის“, — დასძინა ბითაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ბითაძის განცხადება გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით „არის არა მხოლოდ ტყუილი, არამედ ამორალურიც“.

„მას ამაში არ და ვერ ავყვებით”, — თქვა მანჯგალაძემ.

მაია ბითაძეს პრესკონფერენციით გამოეხმაურა ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა.

„როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, კორუმპირებული ბითაძე ბედავს, რომ ისრები გადაიტანოს 11 წლის წინანდელ მონიტორინგის სისტემაზე. როცა კრიმინალმა ივანიშვილმა რაჭის ტყეები
რუს სანქცირებულ ოლიგარქებს მიჰყიდა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უპირველეს ყოვლისა აღნიშნული საკითხის შესწავლას უნდა ითხოვდეს. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უნდა სვამდეს კითხვებს: კონკრეტულად რა ტერიტორიები მიჰყიდა რაჭაში ივანიშვილმა სანქცირებულ რუს ოლიგარქებს? მიმდინარეობს თუ არა ტყის მასიური ჩეხა? რა სამშენებლო ან სხვა ტიპის ნებართვები იქნა გაცემული რაჭის ტყეებზე და ვისზე? შეიძინეს თუ არა ასეთი ვერტმფრენები და რატომ არ მოხდა ამ ვერტმფრენების გამოყენება? ილია წულაიამ შეუცვალა თუ არა მდინარეს კალაპოტი, რასაც შესაძლებელია, გარკვეულწილად ასევე ბიძგი მიეცა განვითარებული მოვლენებისთვის“, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ტელევიზიების ლანძღვით გამოეხმაურა კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე: „მაშველებს ებრძვიან, სისულელეებს აჟღერებენ როგორც ვერტმფრენებთან დაკავშირებით, ასევე სამაშველო ოპერაციის განხორციელებასა და სტიქიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით. თითქოს თვითონ რამის მაქნისები არიან ან ოდესმე იყვნენ“.

რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 14:30] ცნობილია, რომ სტიქიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტ ადამიანთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება. დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.

დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა საზოგადოებას დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა.

„რატომ არ სთხოვეს აქამდე დახმარება სხვა ძლიერ ქვეყანას?! ხალხი იქნებ ახლაც იხრჩობა მიწის ქვეშ! პოლიტიკას მოუკვდა პატრონი. არჩევნები ხომ არ არის ახლაც?! სოლიდარობის შეგრძნება ხომ არსებობს?! მოვთხოვოთ მკაცრად გამოძინებულ ხელისუფლებას, დახმარება სთხოვოს სხვა ძლიერ ქვეყანას!“ — დაწერა ჩარკვიანმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სხვა ქვეყნებისთვის ვერტმფრენის თხოვნის საჭიროება არ არსებობდა. თაკო ჩარკვიანის მოწოდებას სხვა ოპოზიციური აქტორები არ გამოხმაურებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი