ახალი ამბები

მთავრობა „სუპერ პუმის“ ნაცვლად 3 ვერტმფრენის შეძენაზე ძველ გეგმას ხელახლა აანონსებს

29 აგვისტო, 2022 • 1722
მთავრობა „სუპერ პუმის“ ნაცვლად 3 ვერტმფრენის შეძენაზე ძველ გეგმას ხელახლა აანონსებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამი ახალი ვერტმფრენი შეიძინოს წინა მთავრობის მიერ ნაყიდი „სუპერ პუმის“ დაბრუნების სანაცვლოდ.

„გომელაურის უწყება აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტფმრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში… ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა. სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ასე ვთქვათ, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილ იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის. რამდენიმე ათეული მილიონი ევრო იქნა ამ ვერტფრენში გადახდილი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ ისარგებლა“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან სპეკულაცია და ტყუილი უწოდა განცხადებებს, რომ აღნიშნული ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში.

„ჩვენ გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ახლა უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროც ჩართულია“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

„სუპერ პუმის“ ტიპის ვერტმფრენები 2011 წელს არის შეძენილი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ ამ ვერტმფრენებს სამაშველო ოპერაციებში ვერ იყენებს, შსს კი განმარტავს, რომ „სუპერ პუმა“ არ არის სამაშველო დანიშნულების და შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობის გარეშე იქნა შეძენილი.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გახმიანებული გადაწყვეტილება „სუპერ პუმის“ დაბრუნებისა და მის ნაცვლად სამი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე ახალი არ არის. ამის შესახებ შსს-ში 2017 წელსაც საუბრობდნენ, როდესაც მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ჩაქრობისთვის მაშველებს ვერტმფრენები არ გამოუყენებიათ. შინაგან საქმეთა სამნისტრომ მაშინ ჟურნალისტებს გააცნო შსს-ს შერეული ავიაციის ბაზაზე განთავსებული ვერტმფრენები და მათი შესაძლებლობები. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის პილოტის, იოსებ არჯევანიშვილის თქმით, შსს გეგმავდა Super Puma-ს ტიპის თვითმფრინავების გადაკეთებას და ხელშეკრულება ამის თაობაზე “ევრო კოპტერთან” იყო დადებული. კომპანია აღნიშნული ტიპის ვერტმფრენების სამაშველოდ გადაკეთების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს კომპანია სხვა კომპანიას, “ეარ ბასს” შეუერთდა, შსს აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ ერთ-ერთი “Super Puma” სამ სამაშველო ტიპის ვერტმფრენზე გადაცვალონ.

საქართველოს მთარობამ ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს 2 SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენის გასხვისება, თუმცა ამბობდა, რომ მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე.

რა შესაძლებლობები აქვს შსს-ის ბალანსზე არსებულ ვერტმფრენებს ხანძრების დროს

მასალების გადაბეჭდვის წესი