„სანსეტ შოვის“ მმართველი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სასტუმროში თბილისის მერის, კახა კალაძის ოჯახი მართლაც იმყოფებოდა, თუმცა „სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო“. ამის შესახებ ანა მურადაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
მანამდე, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში ეძებდა თავისი ოჯახის წევრებს, განაცხადა, რომ პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით მოხდა კალაძის ოჯახის ევაკუირება.
„[კახა კალაძის ოჯახმა] სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა სასტუმრო. ამ დრომდე ჰქონდათ მათ ჯავშანი და 12:00 საათისთვის უკვე მოხდა ჩექაუთი. ისინი ჩვეულებრივ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრნენ. რაც შეეხება უკვე სტიქიის შემდგომ პერიოდს, მე პირადად ვიყავი ადგილზე, სულ ვიმყოფებოდით 40 ადამიანი, პერსონალის და სტუმრების ჩათვლით, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც.
ვერტმფრენი რომ მოვიდა, პირველ რიგში მოხდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომელთაც გადაუდებელად ესაჭიროებოდათ დახმარება, შემდეგ კი გამოგვიყვანეს სხვები. ამჟამად ყველა უვნებლად არის და საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოვედით“, – ამბობს მურადაშვილი.
მოგვიანებით, განცხადება თავად კალაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი შვილები მართლაც იმყოფებოდნენ სასტუმროში, თუმცა, სანამ სტიქია მოხდებოდა, მანქანით გამოემგზავრნენ.
მეორე დღეა, რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:








