ონის ავტოსადგური „მგზავრები“ მოქალაქეებს სტიქიის ზონიდან გადადგილებაში დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

ავტოსადგურის განცხადებითვე, დახმარების მსურველებს თბილისიდანაც ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე.


შოვში მეწყერი 3 აგვისტოს  ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯებიც მოიყოლა. ამ დროისთვის [12:11] ცნობილია ექვსი დაღუპულის შესახებ.

დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი (598 913 089) შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტიქიიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ გამოაქვეყნა.

შსს-ს თქმით, “სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები”.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, შოვში ეძებენ სულ მცირე 35 ადამიანს, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება.