შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა ევაკუაციის სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი დაღამება გახდა, რადგან სიბნელეში ვერტმფრენი ვერ განაგრძობს მუშაობას.
ადგილზე მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მანამდე, სანამ ვერტმფრენი მუშაობას შეაჩერებდა, სტიქიის ზონაში მაშველები გადაიყვანეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხერხდებოდა, რადგან დაახლოებით 500 მეტრის სიგრძის სავალი გზა მეწყერის შედეგად განადგურდა, ასევე წაღებულია ორი ხიდი.
ამ დროის ინფორმაციით, შოვში სტიქიის ზონაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბოლო ინფორმაციით, რომელიც შსს-მ 20:08 საათზე გაავრცელა, ევაკუირებული იყო 70-მდე ადამიანი.
მღებრიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დაახლოებით 70 ადამიანი რჩება. მისი ცნობით, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან.
ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი. როგორც მღებრიშვილი აცხადებს, მაშველები ამოწმებენ მიმდებარე ტერიტორიაზე შენობებსაც.
უწერაში მერის წარმომადგენლის, ილია მეტრეველის ინფორმაციით, ყველა ევაკუირებულ მოქალაქეს, რომელიც ამას საჭიროებს, ღამის გასათევით უზრუნველყოფენ.