ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური მანქანების ექსპორტის სანქციაზე განმარტებას აკეთებს

3 აგვისტო, 2023 • 1529
შემოსავლების სამსახური მანქანების ექსპორტის სანქციაზე განმარტებას აკეთებს

„ქართული ოცნების“ განცხადებების მიუხედავად, რომ არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველო შეერთებულია არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ეკონომიკურ სანქციასაც.

ამასთან, გუშინ, 3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, შეზღუდა ამერიკიდან და ევროპიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ „საქართველო განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას“. უწყების განმარტებით, ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ასევე, ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში იკრძალება ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით გათვალისწინებული რეგულაციის შესაბამისად და ამოქმედდება 26 სექტემბრიდან.

ასევე, 2023 წლის 1 აგვისტოდან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ემბარგოსა და სხვა სპეციალური კონტროლის რეგულაციის 746-ე ნაწილის მე-5 დანართის მიხედვით, მიუხედავად ავტომობილის ღირებულებისა, იკრძალება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.

„აშშ-ის მიერ ავტომობილებთან მიმართებით დაწესებულ სანქციებში არ ყოფილა მითითებული კონკრეტული ვადები იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ნაყიდი იყო დილერების მიერ აღნიშნული სანქციების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, სანქციების ფარგლებში არ ყოფილა განსაზღვრული მსგავსი ავტომობილების სტატუსი. ვადად მიმდინარე წლის 1 აგვისტო განისაზღვრა დამატებითი კონსულტაციების შედეგად. როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებისას არ ხორციელდება წინასწარი კონსულტაციები სხვა ქვეყნებთან და, შესაბამისად, წინასწარ არ არის ცნობილი არც კონკრეტული საქონლის კოდი, რომელიც ხვდება სანქციების სიაში და არც მისი ამოქმედების ვადები. შესაბამისად, მოსალოდნელი სანქციების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ვერ იქნება გაზიარებული ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებზეც შესაძლებელია გარკვეული გავლენა ჰქონდეს აღნიშნულ სანქციებს“, — აცხადებს შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახური დასძენს, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ აქვს მუდმივი კონსულტაციები აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის უკვე დადასტურებულია ოფიციალური წყაროებიდან და გასათვალისწინებელია ბიზნესოპერატორებისთვის. თუმცა ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვაზე ინფორმაცია ოფიციალურმა უწყებებმა სანქციის ამოქმედებისა და მედიაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ გამოაქვეყნეს.

„საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღესვე გააკეთა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაიმეორა,  რომ „საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს“ და ამ პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს ვერავითარი პროვოკაციები, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით.

მიუხედავად ამისა, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსული ფინანსური სისტემისთვის დაწესებული ფინანსური სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება დაეკისრა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც.

თბილისი ასევე აცხადებდა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი