ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს ცნობით, დაკავებული ყარაბაღელი პაციენტი “მადლიერებას გამოხატავს”

3 აგვისტო, 2023 • 5165
ბაქოს ცნობით, დაკავებული ყარაბაღელი პაციენტი “მადლიერებას გამოხატავს”

ყარაბაღში მცხოვრები 68 წლის ვაგიფ ხაჩატრიანი, რომელიც 29 ივლისს მკურნალობის მიზნით საერთაშორისო წითელ ჯვარს ერევანში გადაჰყავდა, მოგვიანებით კი, ბაქოში აღმოჩნდა, აზერბაიჯანული მხარის ცნობით, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი მადლიერებას გამოხატავს.

აზერბაიჯანული მხარის მიერ დადგენილი ახალი რეგულაციით, წითელ ჯვარს პაციენტების სომხურ მხარეს გადაყვანის საშუალება მანამდე არ აქვს, სანამ პაციენტს გამშვებ პუნქტზე თავად აზერბაიჯანელი ექიმები არ შეამოწმებენ. ყარაბაღელ პაციენტს სწორედ ასეთი შემოწმების შემდეგ აღუკვეთეს თავისუფლება.

“ხაჩატრიანმა გამოხატა კმაყოფილება მისი დაკავების მომენტიდანვე მის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გამო. მან აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ხაჩატრიანმა გამოხატა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ მადლიერება ყველაფრისთვის, მათ შორის მკურნალობის, ცხოვრების პირობებისა და ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობის გამო”, – ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.

ბაქოს განცხადებითვე, გამშვებ პუნქტზე ყარაბაღელი პაციენტის დაკავების მიზეზი მის მიერ ჩადენილი დანაშაულებია 1991 წელს, როდესაც სხვა ეთნიკურ სომხებთან ერთად ხოჯალის რაიონის სოფელ მეშალიში აზერბაიჯანელების სრული განადგურების მიზნითა და სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით  განახორციელა თავდასხმა სოფლის მოსახლეობაზე, რა დროსაც 25 აზერბაიჯანელი დაიღუპა და 358 დევნილად იქცა.

აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ საკმარისი მტკიცებულებების გამო ვაგიფ ხაჩატრიანს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [გენოციდი და მოსახლეობის იძულებითი დეპორტაცია/გადასახლება] ედება ბრალად. ამასთან, როგორც ბაქოში აცხადებენ, ხაჩატრიანი საერთაშორისო ძებნაშიც იყო გამოცხდებული.

ბაქოს ცნობას, რომ ვაგიფ ხაჩატრიანი საერთაშორისო ძებნილი იყო, სომხური მხარე სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ოფიციალური ინფორმაცია არ დასტურდება.

31 ივლისს სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა საერთაშორისო წითელი ჯვრის მთავარი ოფისის შესასვლელი გადაკეტეს მოთხოვნით, შეხვდნენ მისიის ხელმძღვანელს, რათა გამართონ პრესკონფერენცია ჟენევაში და შეატყობინონ, რომ მათ უშუალო კონტროლს დაქვემდებარებული პაციენტი გატაცებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი