ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი მზადაა, Astoria Grande მიიღოს და რუს ტურისტებს უმასპინძლოს – ბჟანია

2 აგვისტო, 2023 • 3920
აფხაზეთი მზადაა, Astoria Grande მიიღოს და რუს ტურისტებს უმასპინძლოს – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ბათუმის ინციდენტის შემდეგ, რუსულ ლაინერ Astoria Grande-ს აფხაზეთში სტუმრობას და გულთბილ დახვედრას ჰპირდება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო tass წერს.

“რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული მომსახურებების გაფართოებაში, საკრუიზო ლაინერიების მომსახურების გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით პერსპექტიულად განვიხილავთ”, – განუცხადა ბჟანიამ რუსულ სააგენტო tass-ს ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ აქციის კომენტირებისას.

მისივე თქმით, დიდი სიხარულით იწვევს აფხაზეთში ლაინერს და რუს ტურისტებს გულთბილ მიღებას ჰპირდება.

“თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი”, – ამბობს ბჟანია.

საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის Astoria Grande წინააღმდეგ აქცია ბათუმის პორტთან გამართეს.

უკანასკნელ დღეებში რუსეთიდან ბათუმში ორჯერ ჩავიდა საკრუიზო გემი. პირველად ეს 27 ივლისს მოხდა – ბათუმის ნავსადგურში რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი საკრუიზო გემი შევიდა, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეორედ იგივე გემი რამდენიმე დღეში ისევ შემოვიდა, მოქალაქეები მას კვლავ დახვდნენ საპროტესტო აქციებით. აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი