ახალი ამბები

„ქართულმა პოლიციამ მცემა რუსული ჩექმით“ – გენრი დოლიძე

1 აგვისტო, 2023 •
„ქართულმა პოლიციამ მცემა რუსული ჩექმით“ – გენრი დოლიძე

პარტია „დროას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენრი დოლიძე აცხადებს, რომ დაკავებისას მას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.

გენრი დოლიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პოლიციამ 31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავა. აქციის მონაწილეები ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლას აპროტესტებდნენ.

დაკავების შემდეგ დოლიძე სენაკის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მან იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა და  ბათუმის სასამართლოში გადაჰყავთ.

როგორც სენაკის დროებითი დაკავების იზოლატორის დატოვებისას გენრი დოლიძემ განაცხადა, იმ პოლიციელის ამოცნობა შეუძლია, ვინც მასზე იძალადა.

„ქართულმა პოლიციამ მცემა რუსული ჩექმით. არ ვიცი, რომელმა, მაგრამ ამოვიცნობ!“, – განაცხადა გენრი დოლიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, გენრი ამბობს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდა პოლიციის ერთ-ერთი მაღლჩინოსანი  და აღენიშნება დაზიანებები სახესა და სხეულზე. პარტია “დროას“ ცნობით, გენრი დოლიძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

რუსეთიდან შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ 31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს საპროტესტო აქციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი