ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანულმა მხარემ 68 წლის ყარაბაღელი პაციენტი გაიტაცა

31 ივლისი, 2023 •
აზერბაიჯანულმა მხარემ 68 წლის ყარაბაღელი პაციენტი გაიტაცა

აზერბაიჯანის მიერ სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მოწყობილი გამშვები პუნქტიდან, საიდანაც საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ ყარაბაღელი პაციენტები სომხეთში გადაჰყავთ, ვაგიფ ხაჩატრიანი, 68 წლის ყარაბაღელი პაციენტი, აზერბაიჯანულმა მხარემ გაიტაცა. ინფორმაცია სომხურმა მხარემ გაავრცელა, რაც მოგვიანებით ბაქომაც დაადასტურა.

აზერბაიჯანული მხარის მიერ დადგენილი ახალი რეგულაციით, წითელ ჯვარს პაციენტების სომხურ მხარეს გადაყვანის საშუალება მანამდე არ აქვთ, სანამ პაციენტს გამშვებ პუნქტზე თავად აზერბაიჯანელი ექიმები არ შეამოწმებენ. ყარაბაღელ პაციენტს სწორედ ასეთი შემოწმების შემდეგ აღუკვეთეს თავისუფლება.

ბაქოს განცხადებით, პაციენტი გამშვები პუნქტიდან ბაქოში გადაიყვანეს, სადაც სასამართლოს წინაშე წარდგება, რადგანაც, როგორც აზერბაიჯანი ირწმუნება, ვაგიფ ხაჩატრიანი ჯერ კიდევ ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, 1991 წლიდან ბაქოს ძებნილად ჰყავს გამოცხადებული [რასაც სომხური მხარე სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ოფიციალური ინფორმაცია არ დასტურდება].

დღეს, 31 ივლისს, სომხეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა საერთაშორისო წითელი ჯვრის მთავარი ოფისის შესასვლელი გადაკეტეს მოთხოვნით, შეხვდნენ მისიის ხელმძღვანელს, რათა გამართონ პრესკონფერენცია ჟენევაში და შეატყობინონ, რომ მათ უშუალო კონტროლს დაქვემდებარებული პაციენტი გატაცებულია.

გუშინვე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა, რომ ესაუბრა ილჰამ ალიევს და ღრმა შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ეს კრიზისი განსაკუთრებით უკანასკნელ თვეებში გამწვავდა, როდესაც აზერბაიჯანმა გზაზე ოფიციალური გამშვები პუნქტი ჩადგა და წითელი ჯვრის მეშვეობით მხოლოდ მძიმე პაციენტებს ატარებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამიჰანქენდი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არაფრის ფასად აპირებს აზერბაიჯანის მხარე გადასვლას და სომხეთთან თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს.

მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ კრიზისზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი