ახალი ამბები

„არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ტურისტებს ოკუპანტი ქვეყნიდან“ – დეგნანი

31 ივლისი, 2023 • 1241
„არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ტურისტებს ოკუპანტი ქვეყნიდან“ – დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ეხმაურება ბათუმში მიმდინარე აქციებს რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით. დიპლომატის შეფასებით, მოსალოდნელია საქართველოს მოქალაქეების ასეთი რეაქცია ოკუპანტი ქვეყნიდან ტურისტების შემოსვლაზე.

„არაა მნიშვნელოვანი, მე რას ვფქირობ. მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, აკავებს საქართველოს მოქალაქეებს – ზოგჯერ თვეებითაც კი. არაა მნიშვნელოვანი, [რუსი ტურისტები შემოვლენ] ხმელეთით თუ ზღვით. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ნათლად აჩვენებს, რომ არ სურს [რუსი ტურისტების შემოსვლა]“, – უთხრა დეგნანმა ჟურნალისტებს.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა რუსეთიდან [სოჭიდან] გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქცია წუხელ, 30 ივლისს, გვიან საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი იყო, რომ გემი ბათუმში 31 ივლისის დილას უნდა შესულიყო.

აქცია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, 31 ივლისსაც გაგრძელდა. პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს საპროტესტო პლაკატები, ასევე, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

დაახლოებით 10:20 საათზე ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ასევე, კვერცხებისა და ბოთლების სროლა მოჰყვა. ტრანსპორტში ისხდნენ ხსენებული გემიდან ჩამოსული პირები.

პირველად ეს გემი ბათუმში 27 ივლისს შემოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი