ახალი ამბები

„მან უპასუხა სატელეფონო ზარს. ამის იქით არაფერი ყოფილა“ – დეგნანი FARA-ს დოკუმენტს განმარტავს

28 ივლისი, 2023 • 2143
„მან უპასუხა სატელეფონო ზარს. ამის იქით არაფერი ყოფილა“ – დეგნანი FARA-ს დოკუმენტს განმარტავს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეხმაურება საელჩოს თანამშრომლის მიმართ ხელისუფლების და მასთან აფილირებული ძალების ბრალდებას.

თბილისის მერის მტკიცებით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ჩართული იყო სააკაშვილის მხარდასაჭერ ლობისტურ საქმიანობაში.

ჟურნალისტებთან საუბრისას დეგნანმა განმარტა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი და ხაზი გაუსვა, რომ საელჩოს თანამშრომლები არ არიან ჩარეულნი ლობისტურ საქმიანობაში.

„ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საელჩოს თანამშრომელი არ ყოფილა ჩარეული სააკაშვილის სასარგებლოდ ლობიზმში. იქ [FARA-ს დოკუმენტებში] იყო ნახსენები, რომ მან უპასუხა სატელეფონო ზარს. ამის იქით არაფერი ყოფილა. ტელეფონზე პასუხის გაცემა ნიშნავს პასუხის გაცემას, არაფერს მეტს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.


რა ხდება

წუხელ კახა კალაძემ განაცხადა, რომ FARA-ს დოკუმენტში გარკვევით წერია ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელიც ჩართული იყო ლობირების პროცესში. მან ეს „ჩართულობა“ შემაშფოთებლად შეაფასა.

უცხოელი აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

დოკუმენტის თანახმად, კომპანიასთან კონტრაქტი მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას აქვს გაფორმებული და ლობისტური მომსახურების საფასური 75 451 დოლარს შეადგენს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ლობისტური კომპანიის დასახულ მიზნებს შორის იყო მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება, კომუნიკაცია სააკაშვილის საქმის მაგნიტსკის სიაში შესატანად და კოორდინირება ბრიტანელ ოფიციალურ პირებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის, ენტონი ბლინკენისთვის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მაიკლ მაკ-კოლისთვის მასალების გადასაცემად.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ლობისტური კომპანიის აქტივობებს/სერვისებს შორისაა კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირებთან თბილისში და ოფიციალურ პირებთან პოლონეთში, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის საშუალება მისცემოდათ.

დოკუმენტის თანახმად, აქტივობებს შორის იყო 2 სატელეფონო ზარი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. ამ უკანასკნელთან ლობისტებს ორი საკითხის განხილვა სურდათ:

პოლონური მხარის თხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი, მიეცათ პოლონელი სპეციალისტებისთვის სააკაშვილის მკურნალობის ნებართვა;

მაგნიტსკის სია და შეხვედრის დაგეგმვა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე.

დოკუმენტში არ ჩანს ფაქტი, რომ საელჩოს თანამშრომელი რამე ფორმით დაეხმარა ლობისტური კომპანიის წარმომადგენლებს ამ საკითხების მოგვარებაში. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების” მოკავშირე პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართულნი ზემოხსენებული კომპანიის ლობისტურ საქმიანობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი