ახალი ამბები

ნიგერში სამხედროებმა პრეზიდენტი დააკავეს და გადატრიალების შესახებ განაცხადეს

27 ივლისი, 2023 • 2276
ნიგერში სამხედროებმა პრეზიდენტი დააკავეს და გადატრიალების შესახებ განაცხადეს

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს. სატელევიზიო გამოსვლაში სამხედროებმა თქვეს, რომ აჩერებენ კონსტიტუციის მოქმედებას და კეტავენ ქვეყნის საზღვრებს, იტყობინება „ბი-ბი-სი“.

მოქმედი პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი, რომელსაც აშშ და გაერო „სრულ მხარდაჭერას“ დაჰპირდნენ, დასავლეთის ერთ-ერთი მოკავშირეა დასავლეთ აფრიკაში ისლამისტებთან ბრძოლაში. იგი ოთხშაბათს საკუთარმა გვარდიამ დააკავა. ბაზუმის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა დღეს დილით მან X-ზე (ყოფილი ტვიტერი) განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „რთულად მიღწეული წარმატებები დაცული იქნება“ და ამას უზრუნველყოფენ ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც დემოკრატია უყვართ.

შეთქმული სამხედროები გადატრიალების მოწყობის გადაწყვეტილებას ხსნიან „უსაფრთხოების ვითარების გაუარესებითა და ცუდი ეკონომიკური და სოციალური მმართველობით“. სამხედროებმა ქვეყნის შიგნით კომენდანტის საათი დააწესეს, ხოლო სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ, სიტუაციაში არ ჩაერიონ.

თუმცა სხვა ქვეყნების ჩარევა გამორიცხული არ არის. დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური ბლოკი [Ecowas] გმობს გადატრიალებას, ხოლო ბლოკის წარმომადგენელი, ბენინის პრეზიდენტი პატრის ტალონი ნიგერის დედაქალაქში ჩავიდა საშუამავლო მისიისთვის. მან განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, აუცილებლობის შემთხვევაში, „ყველა საშუალება“ იქნება გამოყენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი