ახალი ამბები

ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდა იგეგმება

26 ივლისი, 2023 • 1101
ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის გაზრდა იგეგმება

თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს. 

ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თქვენ იცით, როგორ აქტუალური ხდება ხმაურის დონის გადამეტების პრობლემა კერძო თუ საზოგადოებრივ სივრცეებში. არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღეღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით, არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს. რამდენიმე კვირის წინ მთავრობის სხდომაზე მოვუწოდე და ვთხოვე ყველა მსგავს ობიექტს, დაიცვან ხმაურთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები, ასევე დავავალე მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, რომ ამ მიმართულებით გაემკაცრებინა მონიტორინგი. ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის დადგენილი სანქციები უშედეგოა და არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შეთხვევაში ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, სანქციების მიზანი არის არა ბიზნესის დაზარალება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა. 

რა თქმა უნდა, ბიზნესს არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, ხელს არავის არ ვუშლით. პირიქით, თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები, ბევრი მხარდამჭერი პროგრამა განვახორციელეთ მათთვის, მაშინ, როდესაც ყველაზე რთული პერიოდი ჰქონდათ. მხედველობაში მაქვს პანდემიის ორწლიანი პერიოდი. რა თქმა უნდა, არც მომავალში დავიხევთ უკან, მაგრამ ერთით მეორე არ უნდა დავაზიანოთ და ადამიანის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული. 

კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით; მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე შედგა კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან. 

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს და იმედი გამოთქვა, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. 

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, პირველ ჯერზე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების დროს ხდება ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილება. სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ ჩადენა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში მესამედ და მისი ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი