ახალი ამბები

ჯაფარიძის ცემაში ბრალდებული 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

24 ივლისი, 2023 •
ჯაფარიძის ცემაში ბრალდებული 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გორის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის ცემაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობიდან 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს გაიმართა, მოსამართლე კი გოგა კუპრეიშვილი იყო. საქმის არსებითი განხილვა 4 აგვისტოს დაიწყება.

პარტიის “გირჩი — მეტი თავისუფლება” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 17 ივნისს გორის “სმარტთან” სცემეს. მოგვიანებით პროსამთავრობო მედიით გავრცელდა გორის მცხოვრებლის, სოსო მაისურაძის განცხადება, რომლითაც ეს უკანასკნელი პოლიტიკოსს “ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხყოფაში” ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ ამის გამო სცემა ჯაფარიძე.

მაისურაძე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დააკავეს. მის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ივნისში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებზე არაერთი თავდასხმა მოხდა. ჯაფარიძის გარდა, სცემეს ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელს, მიშა მშვილდაძესაც.

მშვილდაძის ცემის შემდეგ მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა “ფეისბუკზე” გაავრცელა სოსო მაისურაძის პოსტის მსგავსი აღიარება, რომლითაც საზოგადოებას აუწყა, რომ თავად დაესხა თავს მშვილდაძეს. გუგეშაშვილის მტკიცებით, “ფორმულას” თანადამფუძნებელი “პატრიარქს აგინებს”.

მაისურაძის მსგავსად, გამოძიება გუგეშაშვილის მიმართაც ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ცემა და შეურაცხყოფა ქუჩაში — ხელისუფლების ოპონენტები თავდასხმის ქვეშ

მასალების გადაბეჭდვის წესი