ახალი ამბები

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა საზღვარგარეთ მკურნალობაზე განცხადებების მიღება დაიწყო

24 ივლისი, 2023 • 1133
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა საზღვარგარეთ მკურნალობაზე განცხადებების მიღება დაიწყო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაიწყო განცხადებების მიღება  ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად.

უწყებაში აცხადებენ, რომ პროგრამის პარტნიორი კლინიკებია:

  • თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“;
  • ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“;
  • ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა:

• შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას შესავსებად და ხელმოსაწერად განმცხადებელი ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს);
• ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
• არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.

პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05.

უწყების განცხადებით, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის მკურნალობის დაფინანსებაზე განცხადება საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 24 აპრილს გააკეთა. მთავრობის ინფორმაციით,  ონკოლოგიური დაავადებების მქონე 200 ბავშვს სახელმწიფოს მიერ სრულად დაუფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა.

ბენეფიციარების მკურნალობის გარდა, მთავრობა ასევე დააფინანსებს  ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი