ახალი ამბები

სააკაშვილი გიორგი ვაშაძეს აქებს და „სტრატეგია აღმაშენებლთან“ ალიანსს მიესალმება

21 ივლისი, 2023 • 1376
სააკაშვილი გიორგი ვაშაძეს აქებს და „სტრატეგია აღმაშენებლთან“ ალიანსს მიესალმება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისალმება „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნას საინტერესო ლიდერებით.

სააკაშვილის თქმით, განსაკუთრებით მიესალმება პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული მომენტისთვის  და ამის მიხედვით დადგინდნენ პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები:

„თან არ დაგვავიწყდეს, რომ ,,ხელისუფლება” კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში – კერძოდ კი, ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და, რა თქმა უნდა, ქვეყნის მომავლისთვის“, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძე იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა საინტერესო იდეის გენერატორი:

„შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში, სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, ასევე, საერთაშორისო არენაზე. მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელ უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა, ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში“, — აცხადებს სააკაშვილი.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “სტრატეგია აღმაშენებელმა” ალიანსი შექმნეს.  ალიანსის პრეზენტაცია 20 ივლისს გაიმართა, რომელზეც პარტიების ლიდერებმა გაერთიანებაზე ისაუბრეს.

“დღეს ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანთან ერთად, ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას.  ვქმნით გამარჯვების  პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდება საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, “გამარჯვების პლატფორმა” არ იქნება მხოლოდ პარტიათა გაერთიანება:

“უფრო მეტიც, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, რომლის მიზანიც არის, ყველა პატრიოტი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის მოძრაობაში”.

ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ხუთსაბათს განაცხადა, რომ მათ პლატფორმაზე ელოდებიან ყველა პროდასავლურ პარტიას, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ “დროა” და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ არ უერთდებიან ენმ-ის ალიანსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი