ახალი ამბები

“გამარჯვების პლატფორმა”- ენმ და “სტრატეგია აღმაშენებელი” ალიანს ქმნიან

20 ივლისი, 2023 • 1703
“გამარჯვების პლატფორმა”- ენმ და  “სტრატეგია აღმაშენებელი” ალიანს ქმნიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და “სტრატეგია აღმაშენებელი” ალიანსს ქმნიან.  ალიანსის პრეზენტაცია 20 ივლისს გაიმართა, რომელზეც პარტიების ლიდერბმა გაერთიანებაზე ისაუბრეს.

“დღეს ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანთან ერთად, ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას.  ვქმნით გამარჯვების  პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდება საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

ვაშაძის თქმით, “გამარჯვების პლატფორმა” არ იქნება მხოლოდ პარტიათა გაერთიანება:

“უფრო მეტიც, ეს არის ზეპარტიული პლატფორმა, რომლის მიზანიც არის, ყველა პატრიოტი, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის მოძრაობაში”. 

ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ხუთსაბათს განაცხადა, რომ მათ პლატფორმაზე ელოდებიან ყველა პროდასავლურ პარტიას, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ “დროა” და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ არ უერთდებიან ენმ-ის ალიანსს. 

გიორგი ვაშაძე ენმ-ის სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივანი იყო 2016 წლამდე. 2016 წელს მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა და  ამის მიზეზად დაასახელა პარტიაში დახურული მმართველობის სტილი, რომელიც ვაშაძის თქმით, შექმნეს გიგა ბოკერიამ, მიშა მაჭავარიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და დავით ბაქრაძემ. მოგვიანებით მან პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნა.


„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ენმ-სთან არ გაერთიანდებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი