ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი მჯდომარე აქციას შეუერთდა

18 ივლისი, 2023 • 2408
დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი მჯდომარე აქციას შეუერთდა

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი, რომელსაც ბაქო დაპტიმრებით ემუქრება, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბლოკადის გამო სტეპანაკერტში მიმდინარე მჯდომარე აქციას შეუერთდა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

გზის გახსნის მოთხოვნით ყარაბაღში მორიგი მიტინგი იმართება

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი.

“გადავწყვიტე, უკიდურეს ზომას მივმართო და მჯდომარე აქციას შევუერთდე. ეს დამატებითი ძალისხმევაა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად და დაუყოვნებლივი მოქმედებებისთვის”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, თუკი ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით სიტუაცია მეტ-ნაკლებად არ დასტბილურდა, უფრო “ხისტი ნაბიჯები” იქნება გადადგმული.

“ბლოკადის განმავლობაში ვიმედოვნებდით, რომ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორი აღკვეთავდა ბლოკადას და მის შემდგომ გაღრმავებას არ დაუშვებდა, თუმცა, კეთილი სიტყვების გარდა, პასუხად ვერაფერი მოვისმინეთ”.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

“ჩაგვბარდით” – ალიევი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტსა და დეპუტატებს ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი