ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გზის გახსნის მოთხოვნით ყარაბაღში მორიგი მიტინგი იმართება

14 ივლისი, 2023 • 1746
გზის გახსნის მოთხოვნით ყარაბაღში მორიგი მიტინგი იმართება

დღეს, 14 ივლისს, დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ სტეპანაკერტში მორიგი მიტინგი გაიმართა ლაჩინის კორიდორის გახსნის მოთხოვნით.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

მიტინგზე, როგორც azatutyun.am წერს, დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი, დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრი გურგენ ნერსისიანი და სხვა თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ.

მიტინგზე გამომსვლელები საუბრობდნენ ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ  და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავდნენ.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი