ახალი ამბები

ელჩის საქმე არ არის დაჭერის შეკვეთა — კობახიძე დეგნანზე

13 ივლისი, 2023 • 2424
ელჩის საქმე არ არის დაჭერის შეკვეთა — კობახიძე დეგნანზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შსს-მ ყველაფერი გააკეთა პრაიდის ფესტივალზე ძალადობის თავიდან ასაცილებლად და მადლობა ეკუთვნის.

კობახიძის შეფასებით, შსს-ს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა და აშშ-ის ელჩის შეფასება არასწორია.

„რაც შეეხება თვითონ სასჯელს, ერთი, რომ ელჩის საქმე არ არის შეკვეთების მიცემა ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით. ამაზე დიპლომატი არ უნდა საუბრობდეს. თუ საუბარია დაჭერაზე, ქრონოლოგიურად ჯერ ის უწევთ 7-8 მარტის მოძალადეებს. მერე შეიძლება დადგეს სხვისი ჯერი, ეს არ ვიცი. მაგრამ დიპლომატის საქმე არ არის შეკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ამ თემებთან დაკავშირებით“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გააკრიტიკა პოლიციის უმოქმედობა 8 ივლისს პრაიდის ფესტივალის ჩაშლისას. დეგნანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ჯერ კიდევ პრაიდის წინა დღეს დაარწმუნეს ორგანიზატორები უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა.

მისი თქმით, თავდასხმების სერია, როგორც ჩანს, კოორდინირებულია.

„შაბათს ჩვენ ვნახეთ იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობის ორგანიზება გააკეთეს 2021 წელს. ისინი ჩანან ფეისბუქზე, ვიდეოკადრებში, როგორ მოუწოდებენ ძალადობისკენ, დაღვრიან სისხლს და ამაყობენ ძალადობით. ვფიქრობ, ყველა გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნობს თავს თბილისში, როდესაც ვიდეოზე ასახული ადამიანები დაპატიმრებული და გასამართლებული იქნებიან“, — განაცხადა დეგნანმა.

დეგნანი პრაიდის ჩაშლისას პოლიციის უმოქმედობას აკრიტიკებს

მასალების გადაბეჭდვის წესი