ზაპოროჟიეს ფრონტზე რუსეთის თავდაცვაზე პასუხისმგებელი, 58-ე არმიის სარდალი, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი აცხადებს, რომ „ზემდგომმა ხელმძღვანელობამ“ იგი თანამდებობიდან მოხსნა – სიმართლის თქმის გამო.

პოპოვის საჯარო განცხადებას სახელმწიფო დუმის დეპუტატი და 58-ე არმიის ყოფილი სარდალი, ანდრეი გურულიოვი აქვეყნებს.

„პატიოსნად გეტყვით: რთული ვითარება წარმოიშვა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, როცა ან უნდა გავჩუმებულიყავი და მეთქვა, რისი გაგონებაც უნდოდათ, ან ყველაფრისთვის თავისი სახელი დამერქმია“, – ამბობს პოპოვი.

მისი თქმით, არ ჰქონდა ტყუილის თქმის უფლება, რის გამოც ისაუბრა ჯარში არსებულ პრობლემებზე – „თანამედროვე ომის უმთავრეს ტრაგედიაზე“, კონკრეტულად კი, რუსულ ჯარში არტილერიული დაზვერვის არქონასა და მოწინააღმდეგის არტილერიით რუსი ჯარისკაცების მასობრივ დაღუპვასა და დაჭრაზე.

„დავაყენე რიგი სხვა პრობლემებიც, ყველაზე მაღალ დონეზე, პატიოსნად და საკმაოდ მკაცრად. ამის გამო, როგორც ჩანს, ზემდგომმა ხელმძღვანელობამ ჩემში საფრთხე დაინახა და ერთ დღეში შეთითხნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება და მომიშორეს“, — აცხადებს გენერალ-მაიორი.

პირველი, ვინც პოპოვის განთავისუფლების შესახებ იუწყებოდა, ტელეგრამ-არხი Grey Zone არის, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან დაპირისპირებაში მყოფ დაჯგუფება „ვაგნერს“ უკავშირებენ.

თავდაცვის სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ პოპოვის განთავისუფლებაზე.