ახალი ამბები

დაბრუნდაშვილი მიიჩნევს, რომ უთვალთვალებენ — მან საგამოძიებოს მიმართა

12 ივლისი, 2023 • 4341
დაბრუნდაშვილი მიიჩნევს, რომ უთვალთვალებენ — მან საგამოძიებოს მიმართა

ტვ „პირველის“ ყოფილი წამყვანი ვასილ დაბრუნდაშვილი მიიჩნევს, რომ უთვალთვალებენ. ამასთან, ის ამბობს, რომ ბინიდან “გამქრალია” დადგენილება, რომლითაც დაზარალებულად ცნეს ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე. დაბრუნდაშვილმა ორივე ნაწილთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

ვასილ დაბრუნდაშვილი, რომელმაც ხელისუფლებისადმი კრიტიკული “ტვ პირველი” შარშან დატოვა, ამჟამად ჟურნალისტად აღარ საქმიანობს და ბერლინში ცხოვრობს. თუმცა, როგორც ჰყვება, პერიოდულად საქართველოში ჩამოდის და სწორედ ამ დროს ამჩნევს, რომ უთვალთვალებენ.

დაბრუნდაშვილი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც მის გარშემო საეჭვოდ მოძრაობენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) წარმომადგენლები არიან.

“ჩემი 15-წლიანი გამოცდილებიდან ბევრი საპროტესტო აქცია მაქვს თბილისში გაშუქებული. ამ აქციებზე რომ დგანან სუს-ის თანამშრომლები და უღებენ ჟურნალისტებსა თუ აქციის მონაწილეებს, მათი სახეები ჩვენთვის ხომ არის ცნობილი?

ეს ადამიანები არიან მუდმივად ჩემ გარშემო. ანუ გამოდის, მითვალთვალებენ სახლთან, აუზზე, ბარში, მეგობრების წრეში და ა.შ. ამ ადამიანების იდენტიფიცირება ჩემთვის შესაძლებელია ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, რადგან 15 წელი გადაღებებზე რომ დავიდოდი, მათ სახეებს ვუყურებდი სულ, ვიღაცებს რომ უღებდნენ და უთვალთვალებდნენ.

ახლა გამოდის, რომ ეს ადამიანები მე მითვალთვალებენ და რა უნდათ, ჩემთვის სრულიად გაუგებარია”, — ეუბნება ჟურნალისტი “ნეტგაზეთს’.

დაბრუნდაშვილის სიტყვებით, აღნიშნული გარემოება შემჩნეული აქვს იმ პერიოდშიც, როცა ჟურნალისტად საქმიანობდა და შემდეგაც, როცა პროფესიიდან წავიდა.

“მაშინაც ვამჩნევდი, როცა ეთერში ვიჯექი და საინფორმაციო გამოშვება მიმყავდა. იმის მერეც სულ ვამჩნევ, როცა საქართველოში ვარ. ყოველთვის ვამჩნევ, რომ მითვალთვალებენ”, — აღნიშნავს ის.

სანამ “ნეტგაზეთს” დაელაპარაკებოდა, ტვ „პირველის“ ყოფილმა ჟურნალისტმა ამ საკითხთან დაკავშირებით “ფეისბუკზე” დაწერა. ამავე პოსტში დაბრუნდაშვილი ამბობს იმასაც, რომ თბილისში მდებარე მისი ბინიდან “გაქრა” დადგენილება, რომლითაც პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

ხსენებული დადგენილება უკავშირდება 2021 წელს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლებიც ჟურნალისტების, სასულიერო პირებისა და სხვების სატელეფონო საუბრებს ასახავდა. ჩანაწერებში დაბრუნდაშვილის ფიგურირებდა, რის გამოც, მედიის სხვა არაერთი წარმომადგენლის მსგავსად, დაზარალებულის სტატუსი მიიღო.

“ეს დოკუმენტი ინახებოდა ჩემს სახლში და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი გამქრალია. ანუ, აღარ არის, მოიპარეს, გაიტანეს… რა ფორმით გაიტანეს, ვინ და როგორ გაიტანა, ჩემთვის უცნობია.

დოკუმენტთან ერთად ასევე გამქრალია ჩემი რამდენიმე საერთაშორისო აკრედიტაცია… ვის აინტერესებდა და რატომ გაიტანეს ეს საბუთები ჩემი სახლიდან, ჩემთვის არის უცნობი”, — დასძენს ის.

ვასილ დაბრუნდაშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტის დაკარგვის ფაქტი დაახლოებით 1-1.5 თვის წინ შენიშნა და ამაზე საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა,”რომ აღარ დასრულდა ეს უკანონო თვალთვალი და მიყურადება”, გადაწყვიტა, სოციალურ ქსელში დაეწერა ამის შესახებ.

“…მიმაჩნდა, რომ შეიძლება, სხვა საბუთებში იყო [გარეული] ან რაიმე მსგავსი. მაგრამ ფაქტია, რომ არ არის… ანუ გამოდის, რომ გატანილია”.

“ჩემი პროფესიული ნივთები ერთ ქეისში მქონდა. დამხვდა მხოლოდ დიპლომი და სხვა დანარჩენი საბუთები, ეს კონკრეტული საბუთები კი იქ აღარ იყო”, — ამატებს ის.

ტვ „პირველის“ ყოფილ ჟურნალისტს ვკითხეთ, ხომ არ შეუმჩნევია რაიმე სხვა გარემოება, რომელიც სახლიდან დოკუმენტების მალულად გატანის ეჭვს გაამყარებდა. დაბრუნდაშვილის თქმით, სახლი გატეხილი არ ყოფილა და მისთვის უცნობია, “როგორ შემოაღწიეს ბინაში”.

როგორც შესაძლო თვალთვალთან, ისე ბინიდან დოკუმენტების შესაძლო გატანასთან დაკავშირებით ვასილ დაბრუნდაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მისი ინფორმაციით, შესაძლო თვალთვალის ნაწილში გადაღებული აქვს ვიდეოები, რომლებსაც გამოძიებას მიაწვდის.

“მე არ ვიცი, რატომ ვარ მათთვის საინტერესო პერსონა… არ ვიცი, რა მიზანი აქვთ ჩემთან დაკავშირებით. რას ეძებენ და რა კომპრომატი უნდათ, ჩემთვის არის ამოუხსნელი ამოცანა. ან ამ დოკუმენტების გატანა რატომ დასჭირდათ, წარმოდგენა არ მაქვს”, — აღნიშნავს დაბრუნდაშვილი.

ვასილ დაბრუნდაშვილის მონაყოლთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებისგან ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი