ახალი ამბები

ნინო ხარატიშვილის რომანის „მერვე სიცოცხლე” მიხედვით სერიალს გადაიღებენ

12 ივლისი, 2023 • 4148
ნინო ხარატიშვილის რომანის „მერვე სიცოცხლე” მიხედვით სერიალს გადაიღებენ

გამოცემის „The Hollywood Reporter” თანახმად, ნინო ხარატიშვილის რომანის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” მიხედვით გადაიღებენ სერიალს. რომანის სატელევიზიო ადაპტაციას პროდიუსერობას გაუწევს „The Ink Factory” და „Amusement Park”.

სტუდია „Amusement Park”  იყო პროდიუსერი ფილმისა „დასავლეთის ფრონტი უცვლელია”, რომელმაც წელს ოთხი ოსკარი მოიპოვა.

„ნინო ხარატიშვილის წიგნი არის დროული, ძლიერი და გამორჩეული ნაწარმოები. გვაქვს პატივი და შესაძლებლობა, გავაკეთოთ მისი ადაპტაცია, მრავალმხრივ ნიჭიერ სალა ლაბერტთან და კოლეგებთან ერთად. სტუდიის The ink Factory თანადამფუძნებლები ხარატიშვილის რომანს მოიხსენიებენ 21-ე საუკუნის „ომსა და მშვიდობად” – „ეს არის 1000- გვერდიანი შედევრი სავსე ტკივილითა და ბედნიერებით, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ადგილი ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილ საუკეთესო ნაწარმოებებს შორის”, – ამბობენ ფილმის პროდიუსერები.

„ძალიან მოხარული და მადლიერი ვარ, რომ „მერვე სიცოცხლე” ამ ადამიანების წყალობით შეიძენს ახალ სუნთქვას. მოუთმენლად ველი ჩემი პერსონაჟების ეკრანზე ხილვას. ეს არის არაჩვეულებრივი ოდისეა, რომელსაც დიდხანს ველოდი და ფაქტი, რომ ახლა ის ხორცს ისხამს და  არაჩვეულებრივ სარას ნაწარმოები ახალ მედიუმში გადააქვს, მავსებს მომავლის იმედით”, – ამბობს ნინო ხარატიშვილი.

ნინო ხარატიშვილის რომანი ოჯახური საგაა, რომელიც მოგვითხრობს ქართული ოჯახის ექვსი თაობის ამბავს, 1900-იანი წლებიდან მეოცე საუკუნის ათიან წლებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი