ხელოვნება

ბერლინში ნინო ხარატიშვილის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

5 იანვარი, 2024 • 2443
ბერლინში ნინო ხარატიშვილის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

23 თებერვალს ბერლინის „დოიჩეს თეატრში” (Deutsches Theater) გაიმართება ნინო ხარატიშვილის ახალი სპექტაკლის პრემიერა. „Penthesilea: Ein Requiem / პენთესილეა. რეკვიემი” ასეთია სახელწოდება სპექტაკლისა, რომელსაც გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, რეჟისორი და დრამატურგი ბერლინში განახორციელებს. როგორც უმრავლეს შემთხვევაში, ტექსტის ავტორი თავად ნინო ხარატიშვილია, სპექტაკლი კი ორენოვანია. ტექსტის ქართული თარგმანი ეკუთვნის მაია ფანჯიკიძეს.

გერმანელ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: ანანო მახარაძე და ეკა ნიჟარაძე. მუსიკალურად სპექტაკლს ცოცხლად გააფორმებს ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილი, ვიდეოზე კი – ზაზა რუსაძე იმუშავებს.

„პენთესილეა. რეკვიემი” ანტიკური მითის ნინო ხარატიშვისეული ინტერპრეტაციაა , რომელიც ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ორი სამყაროს ჭიდილს:

ბერძნები ტროის კედლებთან არიან, ჯარის ბანაკებთან ამაზონელი მეომრების გამოჩენის შემდეგ ომი სტრატეგიულ ბრძოლად იქცევა. ამაზონელები ამაყი ქალი მეომრები არიან; მათი წინამძღოლი დედოფალი პენთესილეაა, რომელიც ეძებს ერთ დროს ბრწყინვალე მეომარ აქილევსს. დედოფალს უყვარდება იგი, თუმცა ამის უფლება არ აქვს. აქილევსსაც, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია, უყვარს პენთესილეა. ორივე დაიღალა მკვლელობებით, თუმცა ომი ყველა გმირზე მაღლა დგას. ამგვარად, მჟღავნდება სიყვარულისა და სიკვდილის უმოწყალო თამაში, მათ გარშემო კი ბრძოლის ველი ახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი