დღეს, 11 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.
პროცესს ესწრებოდა თავად ლაზარეც, რომელმაც სხდომის დარბაზში მყოფებს უჩვენა ფურცელი წარწერით: „თუ არ გაძლევენ არჩევანს, ავიღებთ არადანს!“
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის ქიმიური განყოფილების უფროსი, ალექსანდრე დადიანიძე დაკითხეს, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისის სამოსს ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარა.
ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კვლევის ფარგლებში შეისწავლა გრიგორიადისის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქურთუკი, რომელთაგან ნავთობპროდუქტების კვალი მხოლოდ ქურთუკიდან ამოვიდა. კერძოდ, ექსპერტმა სასამართლოზე განაცხადა, რომ გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი აღმოჩნდა.
როგორც ალექსანდრე დადიანიძე განმარტავს, ნავთობპროდუქტების მსუბუქი და საშუალო ფრაქციები აქროლადია და დროთა განმავლობაში აორთქლება ახასიათებს, მძიმე ფრაქციები კი ილექება. მიუხედავად ამისა, ექსპერტმა განმარტა, რომ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ხანდაზმულობისაა მის მიერ აღმოჩენილი კვალი. ამასთან, ექსპერტის თქმით, კვალი შეიძლება დაეტოვებინა როგორც ბენზინს, დიზელს ან ნავთს, ასევე ზეთოვან ნავთობპროდუქტებსაც, როგორიცაა, მაგალითად, ავტომანქანის ზეთი.
ადვოკატების კითხვაზე, რა გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო ეს კვალი ლაზარეს ქურთუკზე და შეიძლებოდა თუ არა ეს ჰაერიდან მომხდარიყო, ექსპერტმა უპასუხა — „ჰაერში ნავთობპროდუქტი ზოგადად არ არის, თუ დაბინძურებული არ არის“. თუმცა, მისი განცხადებით, ეს არ წარმოადგენდა კვლევის საგანს, მხოლოდ კვალის აღმოჩენა ევალებოდა და არა მისი წარმომავლობის დადგენა.
ლაზარე გრიგორიადისმა ექსპერტს ასევე ჰკითხა, ქურთუკის კონკრეტულად რომელი ნაწილზე იქნა აღმოჩენილი ნავთობპროდუქტის კვალი, რაზეც ექსპერტი პასუხობს — „იმდენად მცირე კვალი იყო, ვერ ვიტყვით“.
ალექსანდრე დადიანიძის თქმით, ექსპერტიზის ფარგლებში ნიმუშები აიღეს ქურთუკის მთლიანი შიდა და გარე ზედაპირიდან, ასევე ჯიბეებიდან, და მისი ნაწილების ცალ-ცალკე შესწავლა არ მომხდარა. ექსპერტის განცხადებით, სამოსს არ აღენიშნებოდა ლაქა, რათა ცალკე რომელიმე ნაწილის შესწავლა მომხდარიყო:
„შიდა და გარე ზედაპირი, მათ შორის ჯიბეებიც, ეს ყველაფერი გაერთიანებული იყო ერთ ნიმუშად იმიტომ, რომ როდესაც ასეთ მცირე კვალს იკვლევ, მისი აღმოჩენა შეუძლებელია, კონკრეტულად მარტო მანჟეტი რომ გამოვიკვლიოთ. ამასთან, ნავთობპროდუქტებს ახასიათებს აორთქლება და გავრცელება. როდესაც ის მოთავსებულია პაკეტში, ის ორთქლდება, ცირკულირებს, კონდენსირდება და სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს მოდებული. თუ ლაქა არ აღენიშნება, კონკრეტულ ნაწილს არ ვიკვლევთ. პირველად ხდება ულტრაიისფერი განათების ქვეშ დათვალიერება და ლაქა თუ გამოვლინდება, მაშინ, კი ბატონო“, — განაცხადა ექსპერტმა.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტების კვალი არ აღმოჩნდა ლაზარე გრიგორიადისის სხვა სამოსზე, რომელიც მას ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეცა.
საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 25 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.