ახალი ამბები

„არ უნდა შეგვშურდეს“ – კობახიძე უკრაინის ნატო-ში MAP-ის გარეშე გაწევრიანებაზე

11 ივლისი, 2023 • 908
„არ უნდა შეგვშურდეს“ – კობახიძე უკრაინის ნატო-ში MAP-ის გარეშე გაწევრიანებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს მიმართ ნატო-ს განსხვავებული მიდგომა გასაგებია, რადგან უკრაინა დღეს ომის მდგომარეობაშია.

ამიტომ, კობახიძის თქმით, იმის გამო, რომ უკრაინა ნატო-ში MAP-ის [გაწევრიანების სამოქმედო გეგმის] გარეშე შევა, „არ უნდა შეგვშურდეს“.

„ჩვენგან იქნება მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა [ნატო-სთან] დასაახლოებლად. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას რეგიონსა და მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

კონკრეტიკის გარეშე არცერთ განცხადებას არ აქვს ფასი. მთავარი არის კონკრეტიკა.

რაც შეეხება უკრაინას, ის ომის მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები და ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს. ოღონდ, ამ კონტექსტში ერთი რამ უნდა გავიხსენოთ – 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ MAP-იც კი არ მოგვანიჭეს. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა 2008 წლის, 2012 წლის… მაშინ იყო ასე. საქართველომ გამოიარა რუსეთთან ომი, მაგრამ მაშინ არ იყო საქართველოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება. კარგია, რომ დღეს უკრაინის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ამის ჩვენ არ უნდა შეგვშურდეს და ვერ შეგვშურდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატო-ს ბუქარესტის სამიტი გაიმართა 2008 წლის აპრილში, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე. ბუქარესტის სამიტზე უკრაინამ და საქართველომ ალიანსში გაწევრიანების დაპირება მიიღეს, თუმცა წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) — ვერა. გაფართოების პოლიტიკასთან, კონკრეტულად კი, საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე ალიანსში კონსენსუსი არ ყოფილა. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, გერმანიამ და საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას.


ნატო-ს წევრებმა მიაღწიეს კონსენსუსს და ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის მაპ-ის [გაწევრიანების სამოქმედო გეგმა] ეტაპის გავლას არ მოითხოვენ. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს ჩატარდება. მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი