წყნეთში მოზარდის დაღუპვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ვაკის რაიონის გამგეობა და ამბობს, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, ელექტრომოწყობილობა უკანონოდ და კუსტარულად იყო დამონტაჟებული და სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ უკავშირდება:
„პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს! ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო“, – აცხადებენ გამგეობაში.
უწყების განცხადებით, სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ფანჩატურთან, სადაც ეს ტრაგედია მოხდა.
წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ჟურნალისტებთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭი სკვერში ელექტროგაყვანილობამ იმსხვერპლა. როგორც ისინი ყვებიან, ამ ადგილას ბავშვები თამაშობდნენ. ახლო-მახლო კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სასწრაფოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ექიმებს ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.