ახალი ამბები

მეცოლამ დაგმო პრაიდის ფესტივალის ჩაშლა და სოლიდარობა გამოუცხადა ქვიარ თემს

10 ივლისი, 2023 • 1675
მეცოლამ დაგმო პრაიდის ფესტივალის ჩაშლა და სოლიდარობა გამოუცხადა ქვიარ თემს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაგმო თბილისში პრაიდის ფესტივალის ძალადობრივი ჩაშლა და ლგბტქი თემს სოლიდარობა გამოუცხადა. ამ საკითხზე მეცოლამ სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სესიის გახსნისას ისაუბრა.

“გასულ შაბათს საქართველოში ჩვენ ვნახეთ “თბილისი პრაიდის” ძალადობრივად ჩაშლა. ამ დებატებში ანტი-ლგბტქი რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობის ადგილი არ არის და ლგბტქი თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება პრიორიტეტული უნდა იყოს.

ადამიანები იმსახურებენ შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას. აქედან მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა”, — მიმართა მან სესიის მონაწილეებს.

რა მოხდა 8 ივლისს

8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი, რომელიც დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი,  მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია დასჭირდათ. მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრისა და ინვენტარის განადგურების შემდეგ ძალადობრივმა ჯგუფებმა ღონისძიებისთვის გამზადებული ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები მოიპარეს და დალიეს, შემდეგ კი ილოცეს. იქვე იყო პოლიცია, რომელსაც სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

პრაიდის ფესტივალის  ორგანიზატორები, რომლებიც  ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პრო-რუსული “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

როგორც ორგანიზატორებმა მანამდე თქვეს, დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს, როცა “თბილისი პრაიდი” მარშს გეგმავდა, პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება, რის შედეგადაც მოძალადეები მედიის ათეულობით წარმომადგენელს დაესხნენ თავს. ძალადობრივი შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაშინაც “ალტ-ინფო” იყო.

წელს ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, რომ შსს-სგან დახურული ღონისძიების დაცვის გარანტიები ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი