ახალი ამბები

საქართველოს მხარდამჭერი აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა – პაპუაშვილი

10 ივლისი, 2023 • 829
საქართველოს მხარდამჭერი აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკოსად იქცა – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.

ამის შესახებ პაპუაშვილი 10 ივლისს გავრცელებულ წერილში საუბრობს, სადაც საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობას განიხილავს.

პაპუაშვილის თქმით, დღეს უკვე აღარ დარჩა არგუმენტი თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში. ამ კონტექსტში ის ესტონეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს, რომელმაც „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ნატო-ს წევრობის არ სჯერა.

„შეუძლებელია ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატო-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე, მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატო-სგან საქართველოს განცალკევება, ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, – წერს პაპუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი