ახალი ამბები

უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში – პაპუაშვილი

10 ივლისი, 2023 • 1439
უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვრცელ წერილს ავრცელებს, სადაც საქართველოსა და ნატო-ს შორის ურთიერთობას განიხილავს.

როგორც პაპუაშვილი წერს, დღეს უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში.

პაპუაშვილის თქმით, თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი აერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც მხოლოდ საქართველოზე არაა დამოკიდებული.

„2002 წლის ნოემბერში, ალიანსის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ მოისმინა, ასეთი რამ თქვა: „გთხოვთ, დიდხანს ნუ გაგვაჩერებთ ღია კარში, შეიძლება ორპირ ქარში გავცივდეთო“.
იყო რაღაც წინასწარმეტყველური ოც წელზე მეტი ხნის წინ შევარდნაძის ნახევრად ხუმრობით წარმოთქმულ გაფრთხილებაში ნატო-ს მიმართ. მართალია, ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ, მას შემდეგ, ნატო-ს მხრიდან საქართველოს წევრობისადმი მიდგომაში, თვისებრივად, ცოტა რამ თუ შეიცვალა“, – წერს პაპუაშვილი.

მისი თქმით, ბოლო ათწლეულში საქართველომ ძირეულად შეცვალა დემოკრატიული ინსტიტუტები, უკან მოიტოვა მმართველობის ავტორიტარული სისტემა, ხოლო თავდაცვის შესაძლებლობები ნატო-ს სტანდარტებამდე გააუმჯობესა.

„ნატო კი სამიტიდან სამიტამდე მხოლოდ იმეორებს დაპირებას წევრობის შესახებ. მართალია, საქართველო-ნატო-ს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველომ არსებითი დახმარება მიიღო ალიანსისგან, მაგრამ, თვისებრივი თვალსაზრისით, ცოტა რამ თუ შეიცვალა ნატო-ს ინერტულ მიდგომაში საქართველოს გაწევრიანების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ“, – წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, თავის დროზე არსებობდა სერიოზული ეჭვები საქართველოს მზაობის თაობაზე, „განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული და სპონტანური მმართველობის ფონზე, მაგრამ დღეს საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა“.

პაპუაშვილი ასახელების „ეჭვების ოთხ ჯგუფს“, რომელსაც, მისი თქმით, სკეპტიკოსები ტრადიციულად გამოთქვამდნენ საქართველოს წევრობის პროგრესისთვის დაბრკოლების შესაქმნელად.

მისი თქმით, პირველი უკავშირდებოდა ნდობასა და ერთგულებას, მაგრამ საქართველომ ეს გამოცდა „ბრწყინვალედ ჩააბარა“.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ბოლო სამ ათეულ წელიწადში, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ინიციატივიდან მოყოლებული, საქართველომ ულაპარაკოდ დაამტკიცა ერთგულება ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ და, უზარმაზარი სიძნელეებისა და სასიცოცხლო საფრთხეების მიუხედავად, არასოდეს გადაუხვევია პროდასავლური კურსიდან.

„ამისთვის ერთი მაგალითიც საკმარისია, უფრო მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გაწირა თავისი სიცოცხლე ავღანეთის მისიაში, ვიდრე იქ გაგზავნილი ჰყავდა ნატო-ს წევრების ქვეყნების დიდ უმრავლესობას. ხოლო თუკი პოლიტიკურ განზომილებას შევხედავთ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციაში შეიტანა, რომელიც მომავალში ადვილად ვეღარ შეიცვლება, ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებშიც კი“, – წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მისწრაფების საწინააღმდეგოდ მეორე კონტრარგუმენტი დემოკრატიის ნაკლებობას შეეხებოდა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ბოლო ათწლეულში, წარმატებით გაართვა თავი.

როგორც პაპუაშვილი წერს, ამჟამად კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის, ასევე საჯარო სექტორის კეთილსინდისიერების მხრივ საქართველოს  უკეთესი სტანდარტები აქვს, ვიდრე ნატო-ს წევრ ზოგიერთ ქვეყანას.

პაპუაშვილის თქმით, ბოლო კონტრარგუმენტი იყო, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რეგიონულ სტაბილურობას ხელს შეუწყობდა თუ, პირიქით, უფრო „გააღიზიანებდა“ რუსეთს და მის აგრესიას გამოიწვევდა, რითაც უფრო დააზარალებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს.

მისი თქმით, ახლა უკვე დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ გადამწყვეტ პასუხს შეუძლია უკრაინაში რუსეთის აგრესიის მაგვარი უბედურების თავიდან აცილება.

„მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი სივრცე ისაა, რომელიც დაცულია ნატო-ს მეხუთე მუხლით. სხვა ყველა დანარჩენი ნაცრისფერ ზონაში ექცევა, სისხლისღვრისა და ომის რისკებით“, – წერს პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი წერს, რომ 2008 წელს საქართველო  ნატო-ს წევრი ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ომი და არც რუსული ოკუპაცია, რომელმაც უფრო გაართულა არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები.

მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოსთვის უარის თქმამ უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი.

„ნატოს საზღვრები მშვიდობის საზღვრებია. საქართველოს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უდიდესი საფრთხე ბუნდოვანებაა, რომელიც აგრესიულმა ძალებმა სამართლებრივი, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით იოლად შეიძლება გამოიყენონ. 2008 წლის აპრილის ბუქარესტის გადაწყვეტილება ამის კლასიკური მაგალითია, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დაპირება ისე გაიცა, რომ, იმავდროულად, უარი ეთქვა წევრობის სამოქმედო გეგმაზე (მაპ-ზე). ამ წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებამ შექმნა ბუნდოვანება, რომელმაც შესაძლებლობა მისცა რუსეთს, გამოეყენებინა გეოპოლიტიკური შანსი და კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება“, – წერს პაპუაშვილი.

მისი თქმით, „ვინაიდან ყველა ამ წარსულ ეჭვს პასუხი გაეცა ან საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით, უკვე აღარ დარჩა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღონ საქართველო ნატო-ში“.

პაპუაშვილის თქმით, შეუძლებელია, ალიანსის მიერ საქართველოს უარყოფა შიდა პოლიტიკით გაამართლო. მისი თქმით, „დაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, შიდა რადიკალიზმთან ერთად, ყოველთვის შეუძლია საქართველოს დემოკრატიული სისტემის პრობლემებზე არასწორი აღქმების შექმნა“.

„მაგრამ, ამ შემთხვევაში, მსგავსი მიდგომა არა მიზეზი, არამედ საბაბი ხდება. სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში“, – წერს პაპუაშვილი.

ამ კონტექსტში ის ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ახსენებს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობას ნატო-ს წევრობის არ სჯერა.

„ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატო-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია. ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატო-სგან საქართველოს განცალკევება ისეთი შეცდომაა, რომელსაც მომავალი არ გვაპატიებს. საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს“, – წერს პაპუაშვილი.

„ნატო-ში წევრობისთვის მოსახლეობაში იმედგაცრუების ირიბ მიზანს ემსახურება“

შალვა პაპუაშვილის წერილს გამოეხმაურა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მისი თქმით,  პარლამენტის თავმჯდომარის ეს წერილი მნიშვნელოვან უზუსტობებთან ერთად ნატო-ში წევრობისთვის მოსახლეობის შიგნით იმედგაცრუების ირიბ მიზანს ემსახურება.

აქუბარდიას თქმით, ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და დემოკრატიული რეფორმების გატარების გარეშე ქვეყნები ნატო-ში ვერ წევრიანდებიან.

აქუბარდია რამდენიმე პუნქტად საუბრობს იმ უზუსტობებზე, რაც  პაპუაშვილის წერილში ამოიკითხა:

„1. შარლ მიშელის 2020 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შემდგომ, რომელსაც ნატო მიესალმა და ნატოში წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ( ნატოს 2021 წლის კომუნიკე: “წევრი ქვეყნები მიესალმებიან შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას და აცხადებენ, რომ ეს “გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში პროგრესის მიღწევაში”.  “ოცნების” მხრიდან მისი ანულირების შემდგომ ნატომ ღიად დაიწყო საქართველოს მთავრობის კრიტიკა დემოკრატიული რეფორმების გამო.

იქნებოდა ეს ნატოს გენერალური მდივანი პრემიერ ღარიბაშვილთან არაერთგზის შეხვედრისას თუ ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა. (იხილეთ კოლომინას 2023 წლის 6 მაისს გაკეთებული განცხადება, სადაც ის ამბობს შემდეგს: საქართველოში რეფორმების ტემპი NATO-ში შეშფოთებას იწვევს, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში ვიზიტისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეშფოთება ხელისუფლების ყველა მაღალი თანამდებობის პირს გადასცა.

ეს კი ნატოს გენმდივნის განცხადებაა: გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს საკითხიც განიხილა.

სტოლტენბერგმა საქართველო შუალედური პოზიციის მქონე ქვეყნების კონტექსტში მოიხსენია. ამ ტიპის სახელმწიფოები არ არიან ნატოს მოკავშირეები, თუმცა რუსეთის ძალმომრეობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ. სტოლტენბერგის თქმით, ეს არაა საუკეთესო პოზიცია, თუმცა ეს ქვეყნები დაუცველი არიან. ამიტომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მადრიდის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყნების მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერონ.

“ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, საქართველომ მისდიოს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლისაც ჩვენ, ყველას გვჯერა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმ მოკავშირეებისგანაც მოველით სანქციების მხარდაჭერას, რომლებიც ნატოს წევრი ქვეყნები არ არიან. მათ არ უნდა გაუმარტივონ რუსეთს უკრაინაში ომის წარმოება”.

ნატოში გვეუბნებიან, რომ 12 ევროპული რეკომენდაციების სრულფასოვანი შესრულება ნატოში წევრობისთვისაც აუცილებელია, რადგან საქართველოს მიერ ნატოსთან აღებული ვალდებულებები ( ყოველწლიური სამოქმედო გეგმა) სწორედაც რომ მეტწილად დემოკრატიულ რეფორმებს გულისხმობს, დაწყებული კანონის უზენაესობიდან, მედიის თავისუფლებით თუ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლით. ეს ბოლო სუს-ის ე.წ კრებსების შემდეგ დგას ნატოს დღის წესრიგში).
შესაბამისად, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა ნატოსთან და ჯერი ახლა ნატოზეა, არ შეესაბამება სიმართლეს!

2. პარლამენტის თავმჯდომარემ წერილში განაცხადა შემდეგი: „თუკი ქართველებს რომელიმე პოლიტიკური მიზანი გვაერთიანებს, უპირველესად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა”. კი ბატონო, მოსახლეობის მხარდაჭერა გაზრდილია და 80%-ს აღწევს, თუმცა, იმავდროულად, ქართულმა ოცნებამ ჩემს ინიციატივას, ნატოს ვილნიუსის სამიტის წინ ერთობლივი მიმართვა გაგვერცელებინა, უარი უთხრა და მხოლოდ 50 დეპუტატის ხელმოწერით წავიდა ნატოში წერილი.  ეს მაშინ, როცა ერთობლივი მიმართვა ყველა საპარლამენტო პარტიის ხელმოწერით წინა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით 2021 წელს შევძელით.

3. პარლამენტის თავმჯდომარის წერილში ნათქვამია: “არსებითად, აღარ დარჩა შეკითხვები საქართველოს თავდაცვის რეფორმებზე და შესაძლებლობებზე, ვინაიდან ნატო-ს დოკუმენტები ცხადად აღიარებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან „შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს გაწევრიანებისათვის მოსამზადებლად“. ეს ჩანაწერი ნატოს დეკლარაციაში 2016 წლიდან გვაქვს და ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სფეროში რეფორმებს, არამედ ნატოსთან სამოქმედო გეგმის გარეშე პრაქტიკულ თანამშრომლობის ყველა ინსტრუმენტებს, რითაც შეგვეძლო მაპის გარეშე წევრობის პერსპექტივის ჩანაწერის უზრუნველყოფა, მით უფრო ფინეთის ნატოში მაპის გარეშე გაწევრიანების შემდგომ, რაც იყო კიდეც ერთობლივი მიმართვის ტექსტში.

4. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების კრიტიკა დემოკრატიული რეფორმების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ შიდა პოლიტიკით და ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით ახსნა, რაც დაუშვებელია. წერილში ვკითხულობთ შემდეგს: “სამწუხაროა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც ერთ დროს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღეს სკეპტიკოსად იქცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი ძალა საქართველოში ოპოზიციაშია და არა ხელისუფლებაში. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, სხვა მხრივ ნატო-ს მყარი მოკავშირის, ბოლოდროინდელი კომენტარი ამ პრობლემის გაცნობიერების საშუალებას იძლევა. მან ეჭვი შეიტანა, „ცდილობს“ თუ არა საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას. ყველა ზემოთ ხსენებული წარმატებისა და პოლიტიკური ნაბიჯის ფონზე, თუ დავეყრდნობით ფაქტებს და არა აღქმებს, ეს კომენტარი სიმართლეს ძალიან დაშორებულია.” რატომ არის ეს განცხადება მცდარი და პოლიტიკური, ეს ზემოთ მოყვანილ არგუმენტებშიც ნათლად ჩანს.

5. დაბოლოს, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე არ იქნება წარმოდგენილი უკრაინისგან განსხვავებით თუნდაც სტუმრის სტატუსით. მოსალოდნელია, რომ უკრაინა, რომელიც საქართველოსთან ერთად 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაშია მოხსენიებული ნატოში წევრობის დაპირებით, მიიღებს მაპის გარეშე წევრობის პერსპექტივას, რაც ნატოში წევრობის პოლიტიკურ გზას მნიშვნელოვნად ამოკლებს დემოკრატიული რეფორმების შესრულების შემდგომ. ასევე, უკრაინას ექნება ნატო-უკრაინის კომისიიდან საბჭოს დონეზე დიალოგი აყვანოს, რა თქმა უნდა, თავდაცვის კუთხით დახმარებასთან ერთად.

საქართველო რას მიიღებს ამ მოცემულობაში, როცა დემოკრატიული რეფორმები გაყინულია და ნატოში წევრობის პოლიტიკურ დონეზე რიტორიკა და მუშაობა აღარ მიმდინარეობს? და ვისი ბრალია ეს ყველაფერი, ნატოსი თუ ქართული ოცნების მთავრობის? რაში აწყობს მმართველ პარტიას ნატოზე ხელის გაშვერა მაშინ, როცა ის ჯიუტად ეწინააღმდეგება ნატოსკენ გზას დემოკრატიის ხარისხის გაუარესებით? იმისთვის, რომ გაიზარდოს ნატოში წევრობის მიმართ სკეპტიციზმი, რაც პირდაპირ თუ ირიბად ანტიდასავლური განწყობების გაზრდას ემსახურება და ღიად უპირისპირდება საქართველოს გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას, რაც დიახ, კონსტიტუციური ვალდებულებაა მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარისთვის!“, – წერს აქუბარდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი