ახალი ამბები

კრემლი: პუტინი პრიგოჟინს შეხვდა, ის მზადაა, სამშობლოსთვის გააგრძელოს ბრძოლა

10 ივლისი, 2023 • 811
კრემლი: პუტინი პრიგოჟინს შეხვდა, ის მზადაა, სამშობლოსთვის გააგრძელოს ბრძოლა

ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რამდენიმე დღის წინ პუტინი შეხვდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს.

პესკოვის თქმით, შეხვედრა ამბოხებიდან 5 დღეში, ანუ 29 ივნისს შედგა.

„მართლაც პრეზიდენტთან შედგა ასეთი შეხვედრა. მასზე დაპატიჟეს 25 ადამიანი. [„ვაგნერის] ყველა ქვედანაყოფის მეთაური და კომპანიის ხელმძღვანელობა, მათ შორის, თავად პრიგოჟინიც“ ,— ამბობს პესკოვი და დასძენს, რომ შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე პუტინმა მოისმინა „ვაგნერელების“ განმარტებები და შესთავაზა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. რაც შეეხება თავად მეთაურებს, „მათ ხაზი გაუსვეს, რომ კვლავ მზად არიან, სამშობლოსთვის იბრძოლონ“.

გარეკანი ფოტო გადაღებულია რამდენიმე წლის წინ და ის არ ასახავს 29 ივნისის შეხვედრას.


24 ივნისს მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინმა ამბოხი იმ დროს შეაჩერა, როცა მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ „ვაგნერის“ წევრებს ამბოხისთვის არ დასჯიდნენ და საშუალებას მისცემდნენ, საქმიანობა ბელარუსში გაეგრძელებინათ.

პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს რუსეთის არმიის, სულ მცირე, 8 საფრენი აპარატი შეეწირა, მათ შორის, კომუნიკაციისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები და თვითმფრინავი. დაიღუპნენ პილოტებიც, თუმცა რაოდენობა უცნობია.

პრიგოჟინის ამბოხის შესახებ გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი