ახალი ამბები

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს – გაერო

9 ივლისი, 2023 • 1419
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს – გაერო

ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისში პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმიანება გაერო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს.

„გაერო გმობს ძალადობასა და თავდასხმებს თბილისი პრაიდის დღევანდელ ღონისძიებაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის ლგბტქი+ პირებისთვის“, – ნათქვამია გაეროს განცხადებაში.


პრაიდის ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის უნდა გამართულიყო  ჩაიშალა. ორგანიზატორები, რომლებიც ფესტივალის ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში ფესტივალი დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო. ორგანიზატორებმა მანამდე განაცხადეს, რომ დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება. დახურულ ღონისძიებაზე კი, ორგანიზატორების თქმით, მათ ასეთი გარანტიები მიიღეს პოლიციისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი