ახალი ამბები

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია აიდა ბალაფკანის საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილება

6 ივლისი, 2023 •
სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია აიდა ბალაფკანის საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტის აიდა ბალაფკანის საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილება.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ამასთან, სასამართლოში საქმის განხილვისას დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის გამოც თითქოს აიდას შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ ხსენებული ქვეპუნქტი დეპარტამენტის მიერ სისტემატურად გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად, ასევე, სისტემატურია დეპარტამენტის მსგავსი პოზიციონირება სასამართლოში, რაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებით ყოველგვარ რეალურ არგუმენტაციაზე და დასაბუთებაზე უარის თქმას გულისხმობს.

„დღეს სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ აიდა ბალაფკანის საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილებების მიმღები უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწრო და ადამიანის ძირითადი უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებობად გადაქცევის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას“, — ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

2022 წლის 26 აპრილს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს და ანთროპოლოგ აიდა ბალაფკანს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ის დაუყოვნებლივ დეპორტირებული იქნა დიდ ბრიტანეთში, მიუნხენის გავლით, ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე.

აიდა ბალაფკანი მეუღლესთან, სოციალურ ანთროპოლოგ, დოქტორ სტეფან უილიამსონ ფასთან ერთად მოგზაურობდა, რომელიც ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. აიდა წერს, რომ მის მეუღლესთან მესაზღვრეებს კითხვები არ ჰქონიათ, ის საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აიდა ბალაფკანი ქვეყანაში არ შემოუშვეს იმის გამო, რომ ის ირანში დაიბადა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/407554/

მასალების გადაბეჭდვის წესი