ახალი ამბები

მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის – ვაშაძე

5 ივლისი, 2023 • 1079
მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ პატიმრობის არ ეშინია.

ასე უპასუხა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თუ კოკა მორგოშია 5 ივლისის ძალადობის ორგანიზების გამო დასაჭერია, მაშინ 7-8 მარტს პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მიტანის გამო გიორგი ვაშაძე და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მისაცემი.

როგორც ვაშაძე ამბობს, კობახიძის განცხადება არის ძალადობის მორიგი წახალისება და წარმოუდგენელია 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმასა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის ტოლობის დასმა.

„ირაკლი კობახიძის დღეს ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება, ჩემი, როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე, არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო, როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის. მან ვერ დამალა მისი რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია, დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი.

მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის, სწორედ ამიტომ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას.

კობახიძე გრძნობს პოლიტიკური დაისის მოახლოებას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა მას, როგორც რუსს, და გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე.

მე მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ” ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი