ახალი ამბები

არახამია სააკაშვილზე: თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, ვფიქრობ, საერთაშორისო სანქციები იქნება

4 ივლისი, 2023 • 5233
არახამია სააკაშვილზე: თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, ვფიქრობ, საერთაშორისო სანქციები იქნება

დღეს, 4 ივლისს, უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავართან“ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც არახამია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებს არ დაგადგამს სააკაშვილის საკითხზე, გამოსავალს საერთაშორისო სანქციებში ხედავს.

არახამიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებით დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე სიცრუეა. არახამია აღნიშნავს, რომ საქართველოში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალიც იყო ჩამოსული, თუმცა მათ ნაწილს უარი ეთქვა მსჯავრდებულთან დაშვებაზე. გამომდინარე აქედან, არახამია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას განზრახული აქვს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა  და არ აპირებს მის გათავისუფლებას:

„პირველი ნაბიჯი, რაც უნდა იქნას გადადგმული, ეს არის საერთაშორისო სამედიცინო პერსონალის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და იმ დასკვნების აუცილებლად გათვალისწინება, რასაც ისინი გააკეთებენ. თუკი დადგენილება იქნება მის გადაყვანაზე მესამე ქვეყანაში, ეს მისაღებიცაა და სასურველიც, მაგრამ ისინი ამ თემაზე დიალოგს არც კი იწყებენ.

საქართველოს ხელისუფლებას, პირდაპირი მნიშვნელობით, განზრახული აქვს, ის გარდაიცვალოს პატიმრობაში“, — აცხადებს დავით არახამია და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, გამოსავალს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებაში ხედავს:

„ვფიქრობ, საერთაშორისო სანქციები იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ“, — აცხადებს არახამია.

3 ივლისს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ის საზოგადოებას არ უნახავს. სწორედ სააკაშვილის გამოჩენას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ კრემლი „საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს“. უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, საქართველოს ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებისა და 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნების შეთავაზების შესახებ.

უკრაინული მედია წერს, რომ კიევის მიერ არჩეული პროცედურა არ არის დამახასიათებელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. სახელმწიფოს შეუძლია კონსულტაციებისთვის გაიწვიოს საკუთარი ელჩი, მაგრამ არა ის, რომ სხვა სახელმწიფოს ელჩი გააძევოს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ან აკრედიტაციის ჩამორთმევის გზით.

„თუმცა ზელენსკიმ გადაწყვიტა არ გადაედგა ეს მძიმე ნაბიჯი და შესთავაზა პროცედურა, რომელსაც არ აქვს მკაფიო სახელი და წესები“, — წერს „ევროპეისკა პრავდა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 ივლისის გადაწყვეტილებას უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.

სააკაშვილის გამო ზელენსკი საქართველოს ელჩს თბილისში აგზავნის

მასალების გადაბეჭდვის წესი